„სოციალურ მუშაკთა გაერთიანება“ აცხადებს, რომ მხარდაჭერას უცხადებს კოლეგას, ელენე დევიძეს და მისი ოჯახის წევრებს, და გმობს მათე დევიძის მიმართ გამოყენებული უსამართლო სასჯელის ზომას.
სოციალურ მუშაკებს მიაჩნიათ, რომ მათე დევიძის მიმართ გამოყენებული მართლმსაჯულების პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებს, ასევე სოციალური მუშაობის პროფესიულ ეთიკასა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულებას.
მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს. 2 დღის შემდეგ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს – პროკურატურამ ის პოლიციელზე თავდასხმაში დაადანაშაულა.
გუშინ, 12 ივნისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სოციალური მუშაკები ხაზს უსვამენ, რომ მათე დაკავებისას 20 წლის იყო, 21 წლის კი ციხეში გახდა.
„საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, 19-20 წლის ახალგაზრდაც ამ კოდექსის დაცვის ქვეშ ითვლება და მასზე დაუშვებელია პატიმრობა, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენებით არის შესაძლებელი.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მიზანი არაა პირის დასჯა, არამედ მისი საზოგადოებაში რეინტეგრაცია, განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამართლებრივი რეაგირების დროს პიროვნული განვითარების ხელშეწყობაა.
კოდექსის შესაბამისად, პატიმრობა არასრულწლოვანთან გათანაბრებულ პირთან მიმართებით გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მაშინაც კი, როცა პირი 18 წელს უკვე გადაცილებულია, თუ ის 21 წლამდეა.
მათეს შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ მძიმე შეუსაბამობას კანონში გაწერილ მიზნებსა და მისი საქმეების განხილვის პრაქტიკას შორის.
მას 4 წელი და 6 თვე მიესაჯა, რაც არა მხოლოდ არ არის პროპორციული, არამედ მიუღებელია აღდგენითი მართლმსაჯულების თვალსაზრისით”. – აცხადებენ სოციალური მუშაკები და ხაზს უსვამენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ეფუძნება აღდგენითი მართლმსაჯულების და ბავშვის/ახალგაზრდის საუკეთესო ინტერესის პრინციპს, რომელიც, სამწუხაროდ, მათეს საქმეში არ იქნა გათვალისწინებული.
„სოციალური მუშაობა მიმართულია ადამიანის ღირსების დაცვაზე, თვითგანვითარების შესაძლებლობების შექმნაზე და სოციალური გარიყვიდან დამცავ სტრუქტურებზე ხელმისაწვდომობაზე. ამავე კონტექსტში,ახალგაზრდების მიმართ ასეთი მკაცრი სანქციის გამოყენება ხელს უშლის მათ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში აქტიური მონაწილეობისთვის პირობების შექმნას“, – ნათქვამია „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ განცხადებაში.
სოციალური მუშაკები მოუწოდებენ მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებს, ახალგაზრდებთან მიმართებით გაითვალისწინონ დამცავი მექანიზმები, მართლმსაჯულების ლიბერალური მიდგომები, და იმოქმედონ საერთაშორისო და შიდა ნორმების შესაბამისად და ახალგაზრდების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.