სოციალურ მუშაკთა პროფესიული კავშირი სოციალური მუშაობის მაძიებლის ინსტიტუტის დანერგვას ნეგატიურად აფასებს და მას დამაზიანებლად მიიჩნევს.
საქმე ეხება სოციალური მუშაკების სერტიფიცირების პროცესს, რომელიც „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წელს შესული ცვლილებების შედეგად ამოქმედდა და 2030 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.
ცვლილებების თანახმად, სოციალური მუშაკის სერტიფიკატის მიღების უფლება ექნებათ იმ პირებს, რომლებიც 2024 წლის 1 ივნისის მდგომარეობით უკვე ასრულებდნენ სოციალური მუშაკის ფუნქციებს ან ფლობდნენ მინიმუმ 1-წლიან გამოცდილებას ამ სფეროში.
ასეთ პირებს კანონი „მაძიებლის“ სტატუსს ანიჭებს.
სოციალურ მუშაკთა პროფკავშირი განმარტავს, რომ „მაძიებელი“ არის პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ფსიქოლოგიაში, სამართალში, საჯარო მმართველობასა თუ სხვა მიახლოებულ სფეროში, თუმცა არ ფლობს აკადემიურ განათლებას სოციალურ მუშაობაში.
ამ პირებს ეძლევათ დროებითი უფლება, იმუშაონ სოციალური მუშაკის პოზიციაზე და პარალელურად 1 წლის ვადაში გაიარონ გადამზადების პროგრამა, რომლის მინიმალური მოცულობა 45 კრედიტია და შესაძლებელია დისტანციური სწავლება.
პროფკავშირი წერს, რომ აღნიშნული ჩანაწერი თავისთავად აკნინებს და პრესტიჟს ულახავს პროფესიას.
„მაძიებლები, რომელთაც არ ექნებათ შესაბამისი თეორიული და ეთიკური მომზადება, სულ რამდენიმე თვეში ოფიციალურად ხდებიან სოციალური მუშაკები — იმავე სტატუსითა და პასუხისმგებლობით, როგორც აკადემიური განათლების მქონე კადრები. მაშინ, როცა შესაძლებელი იყო მათთვის მხოლოდ ტექნიკური საქმიანობის დაკისრება, რაც სპეციალურ განათლებასა და უნარებს არ მოითხოვს. ეს კი სოციალურ მუშაკთა საქმიანობასაც განტვირთავდა“, – წერია პროფკავშირის განცხადებაში.
სოციალური მუშაკები ხაზს უსვამენ, რომ სოციალური სამუშაო, როგორც პროფესია, დგას იმ მეტად მნიშვნელოვან პროფესიებს შორის, რომელთა ამოსავალი წერტილი ადამიანის უფლებებია.
შესაბამისად, მათი შეფასებით, სოციალური მომსახურებისთვის აუცილებელია სოციალური მუშაკების განათლება და საქმიანობა ჯდებოდეს ეთიკის ნორმებსა და სტანდარტებში.
„არ შეიძლება, ადამიანის სიცოცხლე, განვითარება და ჯანმრთელობა დაეფუძნოს ზედაპირულ გადამზადებას, რა დროსაც სათანადოდ ვერ მოხდება სისტემური და სხვადასხვა მიდგომების განხილვა, ღრმა ანალიტიკური უნარების, სენსიტიურობისა და ემპათიურობის გამომუშავება. ამგვარი პრაქტიკა არა მხოლოდ აზიანებს პროფესიის ხარისხს, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბენეფიციარებს, რომელთა ჯანმრთელობა, ფსიქო-სოციალური მდგომარეობა და ზოგჯერ სიცოცხლეც კი შეიძლება დაზიანდეს არაკვალიფიციური ჩარევის გამო.
ამასთან, გვინდა გავიხსენოთ, რომ 2018 წლის სოციალური მუშაობის შესახებ კანონის მიხედვით, სერტიფიცირება გათვალისწინებული იყო მხოლოდ ერთი წლის ვადით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ სფეროში და არ ჰქონიათ შესაბამისი დოკუმენტი. ეს იყო ერთჯერადი მექანიზმი და არა მუდმივი გზა პროფესიის დაუფლებისთვის.
დღეს კი, 3-თვიანი გადამზადების კურსით ადამიანები იმავე პოზიციაზე, იმავე ანაზღაურებითა და პასუხისმგებლობებით იწყებენ სოციალურ მუშაკად მუშაობას, როგორც აკადემიური განათლების მქონე კადრები. ეს ტენდენცია ქმნის დემოტივაციას სტუდენტებისთვის, აუფასურებს განათლების მნიშვნელობას და სერიოზულ კრიზისში აყენებს პროფესიის განვითარების პერსპექტივა“, – წერია პროფკავშირის განცხადებაში.
ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ სოციალური მუშაკების დამსაქმებლები, კერძოდ, პრობაციის ეროვნული სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო და ზრუნვის სააგენტო სამსახურიდან ათავისუფლებენ კვალიფიციურ სოციალურ მუშაკებს რეორგანიზაციის და/ან ხელშეკრულების ვადის გასვლით საბაბით. რითაც ხელს უწყობენ დასაქმების ადგილებზე კადრების დეფიციტის შექმნასა და გაღრმავებას.
„ამ ფონზე მათი „მაძიებლებით” კადრების ჩანაცვლება კიდევ უფრო დასაგმობი პრაქტიკაა.
როგორც ვიცით, მასწავლებელთა სახლმა უკვე დაიწყო ტრენინგები მაძიებელთათვის, თუმცა ამასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, უკვე 28 მაძიებელი გადის სოციალური მუშაობის შესახებ სასერტიფიკაციო კურსს, რომელიც დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
აღსანიშნავია, რომ პროცესში პროფესიული თემის მონაწილეობის სრული არქონა არა მხოლოდ ამცირებს მის ლეგიტიმურობას, არამედ სრულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ტრენინგების ხარისხს და ექსპერტული ცოდნის გათვალისწინების შესაძლებლობას“, – აცხადებს პროფკავშირები და მოითხოვს:
- დაუყოვნებლივ შეჩერდეს არსებული სერტიფიცირების პრაქტიკა და დაიწყოს ფართო პროფესიული და საჯარო დისკუსია სოციალური მუშაკის პროფესიის სტანდარტების განსაზღვრისა და დაცვის საკითხებზე.