სოცსააგენტოს თანამშრომლების პროტესტი და გამაფრთხილებელი აქცია სამინისტროსთან

პუბლიკა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა აქცია გამართეს. ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წლებია, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები შრომის ღირსეული პირობების და ადეკვატური ანაზღაურებისთვის იბრძვიან. ეს პროცესი დასაქმებულებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, რადგან დამსაქმებლის მხრიდან ხშირი იყო მოტყუება, დამცირება და შეურაცხყოფა.

„ასევე, იყო მცირე წარმატებები, რომელიც შეუპოვარი ბრძოლისა და სოლიდარობის გარეშე მიღწეული ვერ იქნებოდა. საბოლოოდ, დასაქმებულებმა მიაღწიეს ერთსულოვან შეთანხმებას და შექმნეს მრავალრიცხოვანი და ძლიერი პროფესიული კავშირი.

2021 წლის ოქტომბრის თვეში დასაქმებულებმა წამოიწყეს კოლექტიური შრომითი დავა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დავის ფარგლებში მედიაციის 21 დღიანი ვადა უშედეგოდ დასრულდა, დამსაქმებლის მხრიდან გადმოიდგა კონსტრუქციული და ადეკვატური ნაბიჯები, რაც გახდა შეთანხმების მიღწევის მიზნით შეხვედრების საფუძველი.

დასაქმებულებს, პირველად წლების განმავლობაში, გაუჩნდათ განცდა, რომ მათ უსმენდნენ და ინტერესდებოდნენ მათი პრობლემების გადაჭრით. პირველად გაჩნდა შესაძლებლობა დასაქმებულებს დაბრუნებოდათ ნდობა სისტემისა და დამსაქმებლის მიმართ. შეხვედრებზე, როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულების მხრიდან გაჟღერებულ იქნა წინადადებები, შეთანხმების მისაღწევად. თუმცა, მაშინ, როდესაც სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს უნდა წარმოედგინათ საბოლოო პოზიცია დასაქმებულების მოთხოვნებთან დაკავშირებით, ჩანიშნული შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ეს, დასაქმებულების მხრიდან, პირველ რიგში, აღქმულ იქნა უპატივცემულობად და დროის გაწელვის კიდევ ერთ მცდელობად, რაც საბოლოო ჯამში ცუდად აისახება “ჩატეხილი ხიდის” აღდგენის პროცესსა და მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, “- ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, დამსაქმებელი კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ დასაქმებულთა უმეტესობას სასიცოცხლოდ აუცილებელი მინიმალური ხელფასიც კი არ აქვს. შესაბამისად, დასაქმებულებისთვის თითოულ დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სწორედ ამიტომ, დასაქმებულები ამბობენ, რომ მართავენ აქციას და აცხადებენ:

1. ჩვენ, ამ ბრძოლას, ღირსეული ხელფასისა და სამუშაო პირობებისათვის აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე!

2. დღეს, ისევე როგორც არასდროს, ვართ ერთად და გვაქვს ძლიერი პროფესიული კავშირი!

3. მოლაპარაკებების გაჭიაუნურების ყველა მცდელობა ჩვენი მხრიდან აღქმული იქნება როგორც უარი, მოლაპარაკებების პროცესზე!

 

LB loan image desktop LB loan image mobile