სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა

პუბლიკა

ბოლნისის რაიონის სოფელ გეტაში დღეს დილის 06:00-დან მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეზღუდვების გამკაცრების მიზეზი 14 მაისს გამოვლენილი 15 ახალი ინფიცირებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან.

სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, გეტაში კი დღეს დილას ამოქმედდა და დეპუტატის ინფორმაციით, გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღინისძიებები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, სოფელ გეტიდან ყველა ინფიცირებული უკვე გაყვანილია. ამჟამად მედიკოსებს ინფიცირებულები სოფელ მუშევანიდან გაჰყავთ.

მისი თქმით, 131 საკვლევი მასალიდან ინფიცირების 8 შემთხვევა გეტაში, 9 კი მუშევანში დაფიქსირდა.


მთავრობის ახალი დადგენილებით, 18 მაისიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდვები მკაცრდება.

მთავრობის დადგენილებით იკრძალება ბოლნისის ტერიტორიაზე შესვლა. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ პირებზე; იკრძალება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლა; იკრძალება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება.

შეზღუდვები არ ეხება სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაადგილებას და სურსათის/ფარმაცევტული პროდუქტების შეძენის მიზნით გადაადგილებას.

იკრძალება ბოლნისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. სატრანსპორტო საშუალებების შესვლა/გამოსვლა/გადაადგილება განხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით.

იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა, თუმცა დაშვებული იქნება:

  • სამედიცინო დაწესებულების საქმიანობა;
  • სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია;
  • სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაცია;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მეწარმე სუბიექტებისა, რომელთა ჩამონათვალსა და ფუნქციონირების წესს განსაზღვრავენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროები;
  • სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებასა და მეცხოველეობასთან/მეფრინველეობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
  • ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდება;
  • ბანკომატების უწყვეტი ფუნქციონირებისათვის საჭირო საქმიანობა.

ყველა დაშვებული საქმიანობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციებითა და წესებით გაკონტროლდება.