სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ ღვანკითში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, ე.წ გამშვებ პუნქტებზე კი მხოლოდ პოლიცია დარჩება. 

ასევე, მთავრობის ინფორმაციით, საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს დიდი ქალაქების შესასვლელ-გასასვლელთან არსებულ სპეციალურ პოსტებზე დღეიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დარჩებიან. საბჭომ პოსტებიდან ამ ეტაპზე თავდაცვის ძალების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საბჭოს წევრებმა ასევე განიხილეს ეკონომიკის გახსნისა და ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობა.

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისებით, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად სრულდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 10 698 მოქალაქე, ხოლო 19 965 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. უახლოეს დღეებში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დაგეგმილია ფრენა შემდეგი მიმართულებით: 15 მაისი – ამსტერდამი-თბილისი; 18 მაისი – ლარნაკა-თბილისი; 20 მაისი – ათენი-თბილისი; 22 მაისი – რომი-თბილისი.