ადიგენის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული პროცესები განვითარდა. მერიის ცნობით, დაიტბორა რამდენიმე სოფელი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები საქონლის სადგომები, მოსახლეობას დაეხოცა პირუტყვი.
გარდა ამისა, დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მერია ამბობს, რომ ოჯახები, რომელთა სახლებიც სტიქიამ დააზიანა უსაფრთხო ადგილზე გაიყვანეს.
„ძირითადად ორი სოფელი დაზარალდა. ეს არის შოყა და გომარო. ახლა ჩვენ გომაროში ვიმყოფებით, აქ 7 ოჯახის ევაკუაცია მოგვიხდა. აქ ისეთი სავალალო მდგომარეობა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, რა სირთულეებია. გაცილებით რთული მდგომარეობა გვქონდა გუშინ სოფელ შოყაში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი სიცოცხლის ფასად სამაშველო სამსახურმა, პოლიციამ, ყველამ ერთად, შეიძლება ითქვას, 5 წუთში შექმნა შტაბი ადგილზევე, რომელსაც კოორდინაციას უწევდა საგანგებო სამსახური. დღეიდან მიცემული გვაქვს განკარგულება შესაბამისი სამსახურებისთვის, რომ მოვიძიოთ ბინები, სადაც [ხალხს] ქირით გავიყვანთ“, – თქვა „პირველ არხთან“ ადიგენის მერმა, გოჩა ქიმაძემ.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხის მუნიციპალიტეტშიც – მერიის ცნობით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ლენტეხი-მელეს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგა, თუმცა კვლავ შეზღუდულია მოძრაობა მელე-ცანისა და ლენტეხი-ბავარის მიმართულებით.
მერია ამბობს, რომ დაზიანებულ მონაკვეთებზე გზების გაწმენდისა და აღდგენის პროცესი მიმდინარეობს.
რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ბერდია ჩარქსენლიანი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ამბობს, რომ ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით, ცენტრალურ საავტომობილო გაზე 5 ადგილი დაიმეწყრა.
„ძლიერი წვიმის შედეგად ლენტეხი საავტომობილო გზაზე არის სოფელი საყდარი, სადაც გადაკეტილია ამ ეტაპზე მოძრაობა. მიუხედავად რთული პირობებისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოახდინა დროულად მობილიზება შესაბამისი ტექნიკის, მიუხედავად ინტენსიური ნალექისა, მიმდინარეობს სამუშაოები. ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის მიმართულებით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე 5 ადგილზე არის მეწყერი ჩამოსული, ლენტეხი-ბავარის მიმართულებით ცენტრალური ხიდი მთლიანად მიატოვა მდინარემ და გადმოვიდა საავტომობილო გზაზე, მთლიანად წაღებულია გზა, ამ ეტაპზე სოფლამდე მისვლა შეუძლებელია“, – თქვა ბერდია ჩარქსენლიანმა.
ძლიერი წვიმის გამო პრობლემებია კურორტ ბახმაროშიც. ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვიზუალური შეფასებით, ამ დროისთვის, მიწის მასის მოწყვეტის საშიშროება არ არსებობს და წყალმა ისე გადაიარა, რომ არცერთი შენობა არ დაზიანებულა.
„წუხელ, საღამოს ერთბაშად მოსულმა ძლიერმა ნალექმა ბახმაროში არსებული ღელეები აადიდა, ისე როგორც ბახვისწყალი და დიდი რაოდენობის ნატანი ჩამოვიდა შიდა გზებზე, ასევე იყო დამეწყრილი ბახმარომდე დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა. დილიდანვე დაიწყო გზის გაწმენდითი სამუშაოები, გზა თითქმის უკვე გათავისუფლებულია, ბახმარომდე დამაკავშირებელი გზა, ასევე ტექნიკა მუშაობს დაბის ტერიტორიაზე ბახმაროში“, – თქვა ირაკლი კუჭავამ, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ „ტვ პირველთან“.