სოფელ ჯიხაშკარში მუშა დაშავდა, დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარის მეორე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოს დროს ერთი მუშა დაშავდა.

„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის 1 ნაწილითაა დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„რუსთავი 2-თან“ სკოლის ადმინისტრაცია ამბობს, რომ მუშას მესამე სართულიდან გადმოყრილი ნაშალი მასალა თავის არეში მოხვდა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

„ახალგაზრდა მამაკაცი მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში. ჩატარებული კვლევებით დაუდგინდა დიაგნოზი ქალა-ტვინის ღია ტრავმა. თავის ტვინის დაჟეჟილობა. ტრავმული სუბანაქროიდული სისხლჩაქცევა. ქალაფუძის და ქალასარქვლის მოტეხილობა.

მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია, შეესაბამება ტრავმული დაზიანების სიმძიმეს“, – განაცხადა ექიმმა.