სოფელ წაბლანაში მოსახლეობა პროტესტის გამო არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს

პუბლიკა

ხულოში, სოფელ წაბლანას მოსახლეობა აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებს პროტესტს უცხადებენ და ხმის მისაცემად არ მიდიან.

„აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, პროტესტის ფორმას შეუერთდნენ ადგილობრივი კომისიის წევრები, მათ მუშაობაზე უარი განაცხადეს, თუმცა მიუხედავად ამისა, ცესკოს წარმომადგენლებმა კომისიის წევრები ჩაანაცვლეს და უბანი 8 საათზე გაიხსნა.

მაუწყებლის ინფორმაციით, სოფელ წაბლანას მოსახლეობამ 3 წლის წინ მეწყერის შედეგად დაკარგა ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები. ამ ხნის განმავლობაშ ისინი სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ელოდებოდნენ. 2 წლის წინ აჭარის მთავრობამ ააშენა სოციალური სახლები ბათუმში, თუმცა ბინები არ არის გარემონეტებული და ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ გარემონტებას ვერ შეძლებენ. სოფელ წაბლანას მოსახლეობამ ბინების გარემონტების აქცია როგორც სოფელში, ასევე აჭარის მთავრობასთან რამდენჯერმე გამართა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 30 ოქტომბერს, წაბლანელებს სოფელში კრება მოუწყვიათ და კიდევ ერთხელ უმსჯელიათ, ღირს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. კრებაზე ბოიკოტი ძალაში დატოვეს.

ხულოს მერის რწმუნებული სხალთაში, რაულ მხარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კრებას არ დასწრებია, მაგრამ ამის შესახებ ინფორმირებულია და იცის, რომ მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.