მთავრობის დადგენილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი უწყება – „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ შეიქმნა.
სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტო შეიქმნა „ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების, პოპულარიზაციისა და საერთაშორისო ცნობადობის გაძლიერების, ასევე, გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) ფორმირებისა და განხორციელების მიზნით“.
ამ ეტაპზე, სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას დროებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი შეითავსებს.
სამინისტროს ცნობით, გასტრონომიის ეროვნული სააგენტო „უზრუნველყოფს ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის კვლევას, დაცვასა და პოპულარიზაციას, შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების სრულყოფას, სახელმწიფო უწყებებს, კერძო სექტორსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციას, ასევე ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობას როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“.
„სააგენტოს საქმიანობა ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარების პროცესს, სოფლის მეურნეობის დივერსიფიკაციასა და ტრადიციული ადგილობრივი პროდუქტების კომერციალიზაციას, რაც გაზრდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლებს, გააძლიერებს ადგილობრივ წარმოებას და წაახალისებს სოფლის ეკონომიკურ განვითარებას.
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის, განსაკუთრებით კი აგრო და გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიმართულებით.
ამასთან, გაძლიერდება გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვისა და გამოყენების პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის ხარისხის, ავთენტურობისა და რეპუტაციის დაცვას და მომხმარებელთა ნდობის ზრდას“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.