საქართველოს პარლამენტის ცნობით, საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური მდივანის მარტინ ჩუნგონგის მიწვევით, სოფო კილაძემ ექსპერტის რანგში საპარლამენტო საკითხების შესახებ სასაუბროდ, ონლაინდისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
„ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ბავშვთა უფლებებისა და ზოგადად ადამიანის უფლებების დარგში ქვეყნის პროგრესსზე და იმ გამოწვევებზე, რომელზეც აქტიურად მუშაობს კომიტეტთან ერთად. სოფო კილაძემ მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა, რომლებშიც საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში აქტიურადაა ჩართული”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფო კილაძე მისი კვალიფიკაციის, რეპუტაციისა და ადამიანის უფლებების საკითხებისადმი დამოკიდებულების კუთხით არაერთხელ გამხდარა საქართველოში ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების კრიტიკის საგანი.
ამასთან, საქართველომ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატად წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრი სოფო კილაძე. 22 ივნისს 53-მა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა კომიტეტს, არ დაუშვან სოფიო კილაძის შერჩევა ამ პოზიციაზე.
მათივე თქმით, კილაძე გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და ზოგადად უმცირესობების უფლებების არაღიარების და არასათანადო მხარდაჭერის პრობლემური გამოცდილებით.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი, ქალბატონო სოფიო კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.