სოფო კილაძის ყოფილ ქმარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში „პუბლიკას“ განუცხადეს, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მოსამართლემ, დავით კურტანიძემ, 4 ივნისს იმსჯელა და ავთანდილ ხარაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მას პატიმრობა ოჯახის წევრის მიმართ გამოწერილი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის გამო შეეფარდა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.

2019 წლის 5 ნოემბერს სოფო კილაძემ ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის შესახებ პირველად „რუსთავი 2-ის“ეთერში ისაუბრა. კილაძის თქმით, ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. მისივე თქმით, უწყებამ მის ყოფილ ქმარს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში კილაძის ყოფილი მეუღლე ბრალდებებს უარყოფდა.