სოხუმი: ასადის თქმით, ძალ-ღონეს არ დაიშურებს არაბული სამყაროს მიერ აფხაზეთის აღიარებისთვის

პუბლიკა

სირიის ლიდერმა, ბაშარ ალ ასადმა გუშინ, 13 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა მიიღო. შეხვედრა ალ-მუჰაჯირინის პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არძინბამ სირიის ლიდერს დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასგან აფხაზეთში მიწვევა გადასცა. ასადმა მიწვევა მიიღო და აფხაზურ მხარეს სოხუმში 2024 წლის განმავლობაში ვიზიტს დაჰპირდა.

სოხუმის რეჟიმის ინფორმაციით, ასადმა პირობა დადო, რომ „ძალ-ღონეს არ დაიშურებს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის”.

„მხარეებმა” მხარდაჭერა გამოუცხადეს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრას და დაგმეს შეერთებული შტატების „ქმედებები და მცდელობები კონფლიქტების დაწყების შესახებ ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში”.

მათ ასევე „დაგმეს ისრაელის საჰაერო თავდასხმები სირიის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და კოლექტიური დასავლეთის ქმედებები, რამაც გამოიწვია ჰუმანიტარული კატასტროფა ღაზას სექტორში”.