სოხუმში ოპოზიციის აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, ბჟანიამ დიალოგი განაახლა

პუბლიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიცია მომხრეებთან ერთად საპროტესტო აქციას მართავს. დღეს დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. რის შემდეგაც დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბჟანია დე ფაქტო პრემიერ-მინისტრთან ალექსანდრე ანქვაბთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ალხაზ კვიცინიასთან ერთად ოპოზიციის ლიდერებს ადგურ არძინბას, თემურ გულიას და მიხეილ სანგულიას ხვდება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით, მოქალაქეები დღეს თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიასთან მოითხოვეს შეხვედრა, რაზეც ასლან ბჟანიამ უარი განაცხადა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეკრებილებმა პარლამენტის შტურმით აღება სცადეს, მაგრამ სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლსი ჭავლი გამოიყენეს და უკან დაახევინეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ძალოვნებთან შეტაკებისას გაისმა ცეცლხსასროლი იარაღის ხმაც.

გაერთიანებული ოპოზიის აქციაზე მოგვიანებით თავს დაესხნენ ჟურნალისტებსაც, რამდენიმე მათგანი დაშავდა. ოპოზიციის უკმაყოფილებას სხვადასხვა საკითხი იწვევს, მათ შორის, სიღარიბე, ელექტროენერგიის პრობლემა, კანონდარღვევების შემთხვევები და სხვ.