„სოლიდარობა რიონის ხეობის მოსახლეობას“ - პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა

პუბლიკა

„სოლიდარობა რიონის ხეობის მოსახლეობას“ – 1 თებერვალს პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა.

„დღეს, 30 იანვარს, საქართველოს მთავრობისა და პოლიციის დახმარებით, კომპანია „ენკამ” ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა ძვირფასი ღირებულების ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე, ძალადობით განაახლა რიონის ხეობაში სრულიად დაუსაბუთებელი, სხვადასხვა ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური თუ სახელმწიფო საფრთხეების შემცველი გიგანტური პროექტის, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა.

ორშაბათს, 12:30-ზე, ყველანი ვიკრიბებით საქართველოს პარლამენტთან, სადაც იმართება დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის კომიტეტის სხდომა. დროა ყველამ ამოვიღოთ ხმა ფინანსური ინტერესებით გამართლებული, დამანგრეველი პროექტების წინააღმდეგ და კატეგორიულად მოვითხოვოთ სამართლიანი, მართლაც ქვეყნის ინტერესებზე და არა რამდენიმე კერძო კომპანიის გამდიდრებაზე ორიენტირებული ენერგოპოლიტიკა!!! ასევე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის გათელვა და საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი და სამაგალითო პროტესტის ჩახშობა!!“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

დღეს, რიონის ხეობაში, იქ, სადაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი, დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსამზადებელი სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებული იყო  მოსახელობაც, რომელიც ჰესის მშენებლობას უკვე 98 დღეა რაც აპროტესტებს. მათი თქმით, მათ პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები ააღებინეს და პოლიცია ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის დემონტაჟსაც გეგმავს. დღის ბოლოს ადგილობრივების ცნობით, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მათი კარვები, ადმინისტრაციული წესით დააკავეს აქციის ერთი მონაწილე.