ნამახვან ჰესის ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დააკავეს

პუბლიკა

პოლიციამ ნამახვან ჰესის ტერიტორიაზე აქტივისტების კარავი დაშალა და ერთი აქტივისტი დააკავა,- ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას“ ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა დაუდასტურა.

აქციის მონაწილის დაკავების შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, აქციის მონაწილე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, რაც სამართალდაცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ახლა აქციის მონაწილეები ნამახვანში, ერთ-ერთი აქტივისტის სახლში იმყოფებიან.

დღეს, რიონის ხეობაში, იქ, სადაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი, დილიდან პოლიცია იყო მობილიზებული. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება მოსამზადებელი სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით. ადგილზე მობილიზებული იყო  მოსახელობაც, რომელიც ჰესის მშენებლობას უკვე 98 დღეა რაც აპროტესტებს. მათი თქმით, მათ პროტესტის ნიშნად გაშლილი კარვები ააღებინეს და პოლიცია ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის დემონტაჟსაც გეგმავს.

„დღეს ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კომპანიამ სრულიად კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა საქმიანობა. ნამახვანი ჰესი, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია,“ – ასეთი შეფასება მისცა ნამახვანი ჰესის მშენებლობის განახლებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.