სოლიდარობის პლატფორმა მიმართავს ევროპულ საბჭოს, გაითვალისწინოს მათი ხმა და საჭიროებები

პუბლიკა

საქართველოს არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური თემების წარმომადგენელი აქტივისტები ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებულ პროცესებს ეხმიანებიან.

დღეს გამართულ შეხვედრაზე სოლიდარობის პლატფორმის გარშემო გაერთიანებულმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ისინი იმაღლებენ ხმას, რათა ევროპულმა უწყებებმა, საქართველოს ხელისუფლებამ და დაინტერესებულმა მხარეებმა მოისმინონ და გაითვალისწინონ მათი ხედვები და მოსაზრებები საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

ისინი ამბობენ, რომ ევროპული ვექტორი და მომავალი საქართველოში სამოქალაქო თანასწორობის, ინტერ-ეთნიკური სოლიდარობის და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის უმთავრესი გარანტორია.

„დღეს, როგორც არასდროს, საქართველოში უმცირესობების უფლებების დაცვა და ჩვენი ევროპული არჩევანი ერთმანეთზეა დამოკიდებული.

ევროკავშირის წევრობა და მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი წინაპირობაა და განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე სასტიკი ომის შემდეგ, ჩვენთვის კიდევ უფრო აშკარაა რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების მასშტაბი და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიების მიღება საქართველოსთვის პარტნიორებისგან”, – ნათქვამია მათ განცხადებაში.

ისინი მიმართავენ ევროპის საბჭოს და სხვა ინსტიტუტებს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინონ საქართველოს არადომინანტური ჯგუფების ხმა და საჭიროებები და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ყველა ადამიანს.