სომეხი, ყირგიზი და ტაჯიკი სამშვიდობოები ყაზახეთს ტოვებენ

პუბლიკა

სომეხი, ყირგიზი და ტაჯიკი სამშვიდობოები ყაზახეთს ტოვებენ. ამის შესახებ რუსული სააგენტო Tass წერს.

სააგენტოს ცნობით, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრი სამშვიდობოების ყაზახეთიდან გაყვანის პროცესი 13 იანვარს დაიწყო და 10 დღე გაგრძელდება.

5 დეკემბერს, საღამოს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“  (ОДКБ) ამჟამინდელი თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ორგანიზაცია ყაზახეთში სამშვიდობოებს გაგზავნის. ფაშინიანის თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თხოვნას.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“ არის სამხედრო ალიანსი, რომელშიც შედიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი.

ყაზახეთის ხელისუფლებამ 4 იანვარს თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ გამოაცხადა, რასაც მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ფასების ზრდის საწინააღმდეგო პროტესტი გადაიზარდა პოლიტიკურ მოთხოვნებში. ალმათში, ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქსა და ყაზახეთის უდიდეს ქალაქში, მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს სამთავრობო შენობებს და მცირე ხნით აიღეს კონტროლი აეროპორტში.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

როგორც Deutsche Welle წერს, ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, არეულობის დროს 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა (თუმცა მოგვიანებით განცხადება დაღუპულების შესახებ წაიშალა, ყოველგვარი განმარტების გარეშე). არიან დაშავებულები. დემონსტრაციების შემდეგ დაკავებულია 12 000 ადამიანი.