სომხეთი უარყოფს, რომ დემარკაციის პროცესში აზერბაიჯანს ტერიტორია დაუთმო

პუბლიკა

ავტორი: ანი ღულინიანი

სომხეთმა უარყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საზღვრის დემარკაციის პროცესში ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ხუთი საბრძოლო პოზიცია აზერბაიჯანისთვის დაეთმო.

OC Media-მ ვერ მიაკვლია იმ ინფორმაციის თავდაპირველ წყაროს, რომელსაც ერევანი უარყოფს. რამდენიმე პოსტმა Facebook-ზე ეს ინფორმაცია კონკრეტული წყაროს მითითების გარეშე გაავრცელა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ „კიდევ ერთ შეთხზულ ამბად“ შეაფასა ცნობები, თითქოს ტავუშის პროვინციის სოფელ ბერდავანის მიმდებარედ მდებარე ოთხი ან ხუთი სომხური პოზიცია აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა. ინფორმაცია ნოემბერიანის ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმაც უარყვეს.

ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის აპარატმა ასევე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უარყო სომხეთის მიერ ტერიტორიების დათმობა და აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციის კომისიები 2022 წელს შეიქმნა. სომხეთის კომისიას გრიგორიანი ხელმძღვანელობს, აზერბაიჯანის კომისიას კი – ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი.

2024 წელს სომხეთის მიერ აზერბაიჯანთან საზღვრის გარკვეული მონაკვეთების დელიმიტაციის შესახებ მიღწეულმა შეთანხმებამ, რომელიც ოთხ სადავო სოფელზე კონტროლის შესაძლო გადაცემას ითვალისწინებდა, ტავუშში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. მოგვიანებით პროტესტი უფრო ფართო მოძრაობაში გადაიზარდა – სახელწოდებით „ტავუში სამშობლოსთვის“, რომელსაც მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობდა. ადგილობრივმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილები გამოთქვეს და მთავრობა ცალმხრივ დათმობებში დაადანაშაულეს.

2025 წლის 5 სექტემბერს, ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის კომისიების ხელმძღვანელებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საპასუხო ვიზიტები განახორციელეს. ეს იყო ორ ოფიციალურ პირს შორის ერთმანეთის ტერიტორიაზე ვიზიტის პირველი დადასტურებული შემთხვევა.

მიმდინარე წლის დასაწყისში თავდაცვის სამინისტრომ უარყო კიდევ ერთი მტკიცება იმის შესახებ, რომ ჯერმუკთან მდებარე პოზიციები აზერბაიჯანს გადაეცა.

სექტემბრის დასაწყისში სომხეთში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ერთ-ერთ გაზეთში ადგილობრივი ოფიციალური პირის სიტყვების ციტირებას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა სცადა წინ წაწეულიყო ჰაკარის ხიდისკენ, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებდა.

ადგილობრივმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ცნობებიც უარყვეს.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.