სომხეთი ვერ შეძლებს მინგეჩაურის წყალსაცავის დაბომბვას, ჩვენ კი შეგვიძლია მათ ატომურ სადგურს დავარტყათ - აზერბაიჯანის თავდაცვის პრესსპიკერი

პუბლიკა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის პოლკოვნიკ ვაგიფ დარგიახლის თქმით, აზერბაიჯანს თავისი არმიის არსენალით შეუძლია სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს წერტილოვანი დარტყმა მიაყენოს და სომხეთი კატასტროფის წინაშე დააყენოს.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ეს განცხადება სომხეთში გამოთქმული აზრის საპასუხოდ თქვა, რომ სომხეთმა შესაძლოა, მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიში მიიტანოს.

„იმ ტერიტორიის რელიეფი, სადაც მინგეჩაურის წყალსაცავია, მასზე ჩატარებული გასამაგრებელი სამუშაოები და ჩვენი თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა არავის მისცემს საშუალებას, ჩვენს სტრატეგიულ ობიექტს დაარტყან“, – თქვა დარგიახლიმ ჟურნალისტებთან.

ამავდროულად კი, როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი ამბობს, აზერბაიჯანს აქვს იმის შესაძლებლობა სომხეთს მიაყენოს გამოუსწორებელი ზიანი.

„ამავდროულად, სომხეთს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჩვენი არმიის არსენალში არსებული უახლესი სარაკეტო კომპლექსები საშუალებას გვაძლევს მაღალი სიზუსტით დავარტყათ მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც სომხეთში დიდ კატასტროფას გამოიწვევს“, – აცხადებს ვაგიფ დარგიახლი.

 

LB loan image desktop LB loan image mobile