სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს - თენგიზ ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური კლინიკის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ ღიმილის მომგვრელია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა ქართულ სისტემაზე ძლიერია.

ამავე განცხადებაში ცერცვაძე ამბობს, რომ ეპატიჟებიან არსენ ტოროსიანს და ყველა დაინტერესებულ პირს საქართველოში, რათა გააცნონ ქვეყნის გამოცდილება COVID-19-ის მართვის სფეროში.

„რაც შეეხება ბატონი მინისტრის მიერ საქართველოს სტატისტიკური მონაცემების სისწორის ეჭვქვეშ დაყენებას, გვინდა განვაცხადოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არცერთ, აბსოლუტურად არცერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს. ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული(რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს“., – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოსა და სომხეთს შორის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების დიდი სხვაობა განსხვავებული მიდგომის გამოა. Arminfo-ს მიხედვით, ონლაინ დისკუსიაში ჩართულმა არსენ ტოროსიანმა თქვა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის აღრიცხვაზეც აქვს კითხვები.