სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დაპატიმრებული ოპოზიციონერები ოსამა ბინ ლადენს შეადარა

პუბლიკა

ავტორი: ანი ღულინიანი

სომხეთის პარლამენტში 18 აგვისტოს გამართული დაძაბული დებატების დროს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვაჰაგნ ალექსანიანმა ოპოზიციის წევრები, რომლებიც ტერორიზმის ბრალდებითა და ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით არიან დაპატიმრებული, ცნობილ ტერორისტ ოსამა ბინ ლადენს შეადარა.

კამათი მაშინ დაიწყო, როდესაც ოპოზიციური „სომხეთის ალიანსის“ დეპუტატ ლილიტ გალსტიანს შეკითხვებს უსვამდნენ – გალსტიანმა ადამიანის უფლებათა და საზოგადოებრივ საქმეთა დაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თავისი კანდიდატურა წარადგინა.

ალექსანიანმა გაიხსენა გალსტიანის ადრინდელი განცხადებები, რომლებშიც მან თავისი კოლეგები: არტურ სარგსიანი, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი და ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებების წინაშე მყოფი სხვა პირები მათთვის წარდგენილ ბრალდებებში უდანაშაულოდ მოიხსენა.

გალსტიანს ჰკითხეს, იმავეს იტყოდა თუ არა ოსამა ბინ ლადენზეც იმ შემთხვევაში, თუ ის სომხეთში იქნებოდა გასამართლებული.

„მე მათ შორის განსხვავებას ვერ ვხედავ“, – თქვა ალექსანიანმა.

გალსტიანმა აღნიშნულ შედარებას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ ეს შეურაცხმყოფელია მისთვის, როგორც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მრევლისთვის. მან შემდგომ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.

ალექსანიანის მიერ ნახსენები ბრალდება სავარაუდო სახელმწიფო გადატრიალების გეგმას უკავშირდება, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველად მედიაში 2024 წლის ივნისში გავრცელდა. საქმეს თან ახლდა ჩხრეკები, დაკავებები და დაპატიმრებები, რომლებიც „წმინდა ბრძოლის“ მოძრაობის ლიდერებსა და მონაწილეებს შეეხო, მათ შორის „სომხეთის ალიანსის“ ყოფილ დეპუტატ არტურ სარგსიანსაც.

მოძრაობის ლიდერი და ტავუშის ეპარქიის ყოფილი მეთაური, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ტერორიზმსა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში დაადანაშაულეს.

2026 წლის ივნისში სააპელაციო სასამართლომ გალსტანიანს, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა, აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და შინაპატიმრობა შეუფარდა, რადგან სასამართლომ მისი პატიმრობაში დატოვების საფუძველი ვერ დაინახა.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.