სომხეთის პრემიერისა და მთავრობის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა მოხდა - სომხური მედია

პუბლიკა

დღეს, სომხური მედიის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ვებგვერდზე – premierminister.am და მთავრობის ვებგვერდებზე gov.am და e-gov.am-ზე კიბერთავდასხმა მოხდა. ვებგვერდები ამჟამად გათიშულია, თუმცა, სომხური მედია ავრცელებს ფოტომასალას, რომ კიბერშეტევის შემდეგ ვებგვერდებზე აზერბაიჯანელი სამხედრო და აზერბაიჯანის დროშა ჩანდა.

დღეს დილიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განახლდა შეიარაღებული დაპირისპირებაც. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა და თაუზის რაიონში აზერბაიჯანის სასაზღვრო არეალი, მათ შორის რამდენიმე სოფელი დაბომბა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მოგვიანეიბთ სომხებმა იერიში მიიტანეს აზერბაიჯანულ პოზიციებზეც, რასაც 7 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის, 3 მაღალი რანგის ოფიცერი შეეწირა. სომხური წყაროების მიხედვით, დაღუპულთა შორის შესაძლოა, გენერალ-მაიორი ფოლად გაშიმოვი იყოს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა ტაუშის რაიონში სომხეთის სასაზღვრო არეალში მშვიდობიან მოსახლეობაზე მიიტანა იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანს მოუწოდა საომარი რიტორიკის ნაცვლად, თავის ხალხს მოუწოდოს, კორონავირუსის გავრცლებისთვის პრევენციული ზომები მიიღონ.

„იმის ნაცვლად, თავიანთ ხალხს მოუწოდონ, დაიცვან აუცილებელი წესები კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, აზერბაიჯანის ხელისუფლება ომით იმუქრება, თითქოს ანტისომხური რიტორიკა კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება იყოს“, – თქვა ფაშინიანმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა კი 12 ივლისს მომხდარ ინციდენტში სომხეთის სარდლობა დაადანაშაულა.

„სომხეთმა მოაწყო კიდევ ერთი პროვოკაცია სომხეთ-აზერბიაჯანის საზღვარზე თაუზის რაიონის მიმართულებით. დაძაბული მდგომარეობა კვლავ გრძელდება და როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, სიტუაცია ჯერჯერობით სტაბილური არ არის. ამაზე პასუხისმგებელი სომხეთის ხელისუფლებაა“, – თქვა ალიევმა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებულ სიტუაციას გამოეხმაურა თურქეთი და რუსეთიც. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „სომხეთის მოქმედებები მიუღებელია“ და მათ უნდა ახსოვდეთ, რომ აზერბაიჯანი მარტო არ არის, თურქეთი მუდამ მათ გვერდით იქნება.

კრემლმა კი ორივე მხარეს დამშვიდებისა და სიტუაციის კონტროლისკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა კი საზღვარზე დაწყებული დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განიხილა.