საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანისა და სომხეთის მხარეებს თბილისში შეხვედრას სთავაზობს. მის განცხადებას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.
კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.
მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.
ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში”, – გახარიას განცხადებას მთავრობის პრესსამასხური ავრცელებს.
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს, დილით დაიწყო. ორივე მხარე კონფლიქტის განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. რეგიონში სამხედრო მოქმედებები მესამე დღეა არ წყდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ გაანადგურეს არერთი სომხური პოზიცია და დაიკავეს დასახლებებისა და სტრატეგიული ობიექტების ნაწილი. სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიერ დაკავებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის უკან დაბრუნება შეძლეს.
სამხედრო დაპირისპირებას ათობით სამხედრო ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი ირწმუნება, რომ მათ მტერს გაცილებით დიდი ზიანი მიაყენეს, საუბარია ასობით დაღუპულ ჯარისკაცზე. კონფლიქტის განახლების შემდეგ მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოქალაქეებშიც.
ამჟამად როგორც უშუალოდ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. სომხეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო აზერბაიჯანში ნაწილობრივ მობილიზაციაც გამოცხადდა.
კონფლიქტს გამოეხმაურა არაერთი ქვეყანა. მათ შორის თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა სომხეთი და მას კონფლიქტის გაღვივებასა და რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდო ბრალი. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა აღუთქვეს. ხოლო აზერბაიჯანი გააკრიტიკა კვიპროსმა ოფიციალურ განცხადებაში. მხარეებს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა კრემლმაც, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა.
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 29 სექტემბერს თურქეთის ხელისუფლებაც გააკრიტიკა და მოუწოდა მას, თავი შეიკავოს აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადებებისგან. 29 სექტემბერს რუსეთისა და სომხეთის ლიდერებს შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა.
ფაშინიანი ესაუბრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსაც, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, მოუწოდა დაპირისპირების დიალოგის ფორმატში გადაყვანისკენ, ფაშინიანმა კი მოითხოვა, რომ შეაჩერონ თურქეთი კონფლიქტში შესაძლო ჩართვისკენ. სომხეთი ამტკიცებს, რომ თურქეთის ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში აქტიურადაა ჩართული და რეგიონში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.
კონფლიქტის მხარეებს სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ აქტიურად მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, NATO, ევროპის საბჭო, აშშ და სხვ.
29 სექტემბერს გაიამრთა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაც, სადაც კიდევ ერთხელ ცეცხლის დაუყონებლიც შეწყვეტისკენ მოუწოდეს მხარეებს.