სოცმუშაკმა თეა მაღრაძემ ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ს შრომითი დავა მოუგო

პუბლიკა

დღეს, 17 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალური მუშაკის თეა მაღრაძის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო. სასამართლომ ახალ, ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაავალა განაცდურის ანაზღაურება (გარდა გამონაკლისი პერიოდისა) და სოცმუშაკის სამსახურში აღდგენა – ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას“ „სოლიდარობის ქსელის“ იურისტმა დავით, ომსარაშვილმა დაუდასტურა.

„ჩვენ ვითხოვდით ბრძანების ბათილობას თეა მაღრაძის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ვითხოვდით აღდგენას ახალ სააგენტოში  იმიტომ, რომ ახლა ეს სააგენტოა სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლე და სამართალმემკვიდრე ამ ნაწილში“, – აცხადებს მსარაშვილი.

დავით ომსარაშვილის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ-ს დაეკისრა თეა მაღრაძისთვის ყოველთვიურად 1200 ლარის გადახდა (გათავისუფლებისას გადახდილი 2 თვის კომპენსაციის გამოკლებით, ასევე, ახალ სამსახურში მიღებული ანაზღაურების გამოკლებით)

„თანამდებობის პირები ამ უკანონო გადაწყვეტილებებზე არ აგებენ არასდროს პასუხს, თანხას კი ისევ ჩვენი ჯიბიდან იხდიან. ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს ეს პასუხისმგებლობა;  ვიღაცამ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა არასწორ გადაწყვეტილებაზე. თბილისში კიდევ 7 საქმე არის განსახილველი და იმ 7 საქმეზეც აუცილებლად უნდა დადგეს ანალოგიური გადაწყვეტილება“, – ამბობს დავით ომსარაშვილი.


ასევე, 28 ოქტომბერს რუსთავის საქალაქო სასამართლომ, EMC-ის სარჩელის საფუძველზე,  სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოციალური მუშაკის გათავისუფლება უკანონოდ ცნო და ახალ სააგენტოს სოციალური მუშაკისათვის 15 000 ლარის გადახდა დააკისრა.

29 იანვარს „სოციალურ მუშაკთა გაერთიანების“ ინფორმაციით, 33 სოციალურ მუშაკს გათავისუფლების შესახებ მოულოდნელი შეტყობინება მიუვიდა. სოციალური მომსახურების სააგენტოდან გაგზავნილ შეტყობინებაში ეწერა, რომ ისინი გათავისუფლდნენ და 1 თებერვლიდან  შრომითი ხელშეკრულება შეუწყდებოდათ. სოცმუშაკების გათავისუფლების  მიზეზად უწყება რეორგანიზაციას ასახელებს. გათავისუფლებისთვის კი ეს მიზეზი ბუნდოვანია და სააგენტოსგან დასაბუთებულ პასუხს ითხოვენ –  კონკრეტულად რატომ, რის საფუძველზე  დაატოვებინეს სამსახური.