სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სოსო გოგაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის ცნობით მას ბრალი სამი მუხლით წაუყენეს. ა
ჰდვოკატის თქმით, ერთ-ერთი ეპიზოდი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებას ეხება. საუბარია 2015-18 წლებში გოგაშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის პერიოდზე.
„თითქოს მას ხელი მიუწვდებოდა როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პერსონალურ მონაცემებზე .როგორც დადგენილებაში წერია, მას ედავებიან 2021 წლის თებერვლის თვეში გავრცელებულ პერსონალურ მონაცემებზე ორ პირთან მიმართებით. ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია რომელი ორი პიროვნების ინფორმაციის გავრცელებაზეა საუბარი. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია.“- ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.
მისივე თქმით, მეორე ეპიზოდი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. ბრალის დადგენილების მიხედვით, გოგაშვილს ედავებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშობის პერიოდში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი და პერსონალური მონაცემების უწყებიდან უკანონოდ გამოტანას, მესამე ეპიზოდი კი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ეხება.
სოსო გოგაშვილი თბილისში 16 ივლისს, საკუთარ სახლში, დააკავეს. სოსო გოგაშვილის დაკავებას, მის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს. ადვოკატის თქმით, დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, სავარაუდოდ, 25 ივლისამდე გამოქვეყნდება.