სოზარ სუბარის 3 შეკითხვა კელი დეგნანს - „ოცნების“ ყოფილი წევრის მორიგი წერილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი აშშ-ის ელჩისთვის მიწერილ მორიგ წერილში კელი დეგნანს სამი შეკითხვით მიმართავს:

ა) ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას, გამოთქვა თუ არა მან უკმაყოფილება ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო;

ბ) ამ უკმაყოფილების ნიადაგზე, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს დაჟინებით პოლიტიკაში დაბრუნება;

გ) შეხვედრისას, მოსთხოვა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილს რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

სუბარი წერილში წერს, რომ ამ კითხვებზე პასუხი მასაც და საზოგადოებასაც შეუქმნის ნათელ წარმოდგენას, ცდილობდა თუ არა აშშ-ის ელჩი ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟებას საქართველოს ომში ჩართვის მიზნით.

„თუ ამერიკის ელჩი ამ ყველაფერზე ბიძინა ივანიშვილს ფაქტობრივი სანქციების ფონზე ესაუბრა, ეს შანტაჟის სრულიად უტყუარი მტკიცებულებაა“, – წერია წერილში.

28 ივლისს „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას არ ყოფილა საუბარი „საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში“, ან შანტაჟზე, ან მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას.

„როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ, როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას. მოდით, ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები – არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში, ან „შანტაჟზე“, ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ“, – თქვა ელჩმა.