„სპარის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა – ცხელ კვალზე დაკავებულია სამი პირი.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მაღაზია „სპარში“ მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჭ., ო.გ. და დ.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. სამართალდამცველებმა, ერთ-ერთი ბრალდებულის – გ.ჭ.-ის დის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გატაცებული თანხა – 1375 ლარის ოდენობით, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღები – ორი დანა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.