სპორტული კომენტატორის, სანდრო ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
მის სახლში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მისულები. სანდრო ცნობილაძე ბინაში მოხუც დედასთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ჩხრეკის დაწყების შემდეგ მივიდა ადვოკატი ლაშა ტყეშელაძეც.
„ჩხრეკაზე შემოვიდნენ დილას. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აქ არის ადვოკატიც. არ ვიცი, რას ეძებენ, ამოიღეს ტელეფონები, ლეპტოპები და კომპიუტერი. [ვუკავშირებ] სულ აქციებზე ვარ“, – თქვა ჩხრეკის დროს სანდრო ცნობილაძემ მედიასთან.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
უწყების პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ „საქმე ეხება დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის მასალის უკანონოდ მოპოვებას“.
„დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა.
მეტადან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი ანგარიშის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას.
ბრალდებაზე არაა საუბარი, ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედება სასამართლოს განჩინების საფუძველზე. სხვას ვერაფერს გეტყვით, მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით დეტალებს საზოგადოება გაეცნობა“, – განაცხადა გამომძიებელმა.
გამომძიებლების წასვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა სანდრო ცნობილაძემ.
„მოვიდნენ დილას. მოვიდა რამდენიმე ადამიანი. ერთი რამე ფაქტია, საერთოდ რამე რომ ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ, ახლა მე აქ არ ვიქნებოდი. როგორც ხედავთ, არ ვარ დაკავებული. შემოვიდნენ დილას, სადღაც, 11:00 იყო. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შემოსვლის ფორმა ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ამოიღეს ლეპტოპები, დისკები და ძალიან სასაცილოა ის, რომ დისკებზე არის 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, 90-იანი წლების რაღაცები, რაც დედაჩემს ჰქონდა… წაღებულია ლეპტოპები. შეიძლება იქ საფეხბურთო რაღაცები არი… მთელი ჩემი ცხოვრებაა, ტელევიზიაში ვარ, ფეხბურთს ვემსახურები და შესაბამისად, ესენია წაღებული. ჩემი ტელეფონი აქვთ ამოღებული. ჩემი შვილის მისამართით იყო, ტელეფონს წაგართმევთო და ა.შ.
[პირადი ცხოვრების ხელყოფის გამოძიებაზე] არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ჩემთვის ცოტა სასაცილო ამბავია. მაქსიმუმი, რაც ჩემგან ამოიღეს და შეიძლება, ნახონ, არის არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას გოლები. დანარჩენი ჩემი დაკვირვებით და შეხედულებით, არის უბრალოდ შანტაჟის მეთოდი. ყველამ კარგად იცის და აქვე კიდევ დავაფიქსირებ, მაინც ყველა დღე ვიდგები აქციაზე, ყველა დღე გავაპროტესტებ. მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ“, – განაცხადა მან.