სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მოძრაობას - ,,შინ ევროპისკენ" – ხოშტარია

პუბლიკა

მთელი გუნდის სახელით სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მოძრაობას ,,შინ ევროპისკენ”. ეს არის ისტორიულად მნიშვნელოვანი, კრიტიკული მომენტი, როცა სამოქალაქო საზოგადოებამ თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი, ჩვენი ევროპული მომავალი, – ამის შესახებ „დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

„დეოლიგარქიზაციას სჭირდება კონკრეტული გეგმა, რომელიც გუშინ სახალხო მოძრაობისგან მოვისმინეთ და სრულ მხარდაჭერას აღვუთქვამთ… რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ მხოლოდ მთავრობის გადადგომა არის დეოლიგარქიზაციის დასასრული. მთავრობის გადადგომას უნდა მოჰყვეს ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ინსტრუმენტი იმ ვალდებულებების შესრულების, რომელიც ჩვენ ძალიან მკაფიოდ დაგვისახა ევროკავშირმა. ამ 12 პუნქტის ნაწილია სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა, რათა ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლიანი არჩევნები. გარედან ზეწოლა დემოკრატიისთვის, გარედან ზეწოლა ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირება, შიგნიდან კი ასეთი მწყობრი ერთიანი მოძრობა აუცილებლად მიგვიყვანს დეოლიგარქიზაციისკენ და ევროპული მომავლისკენ”, – აღნიშნავს ხოშტარია.


24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.  შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.

მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.