დეპუტატების ნაწილი ბიჭვინთის საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს წერილით მიმართავენ.
„აფხაზურ საზოგადოებაში რამდენიმე კვირაა მწვავე დისკუსია მიმდინარეობს, ბიჭვინთაში, ყოფილი სახელმწიფო აგარაკების მიმდებარე სანაპირო ზოლისა და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე. ეგრეთ წოდებულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც ტერიტორია რუსეთის მფლობელობაში გადადის, ხელი მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა.
დღეის მდგომარეობით, ე.წ. შეთანხმების განხილვა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მიმდინარეობს. აღნიშნული ე.წ. შეთანხმების პროექტით ბიჭვინთის 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.
საქართველოს პარლამენტმა, ჯერ კიდევ 2015 წელს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო მთავრობებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. რუსეთის ფედერაციამ, აფხაზეთში ფაქტობრივი ანექსია გასულ წელსაც განახორციელა, როდესაც გაგრის რაიონის სოფელი აიბღა, კრასნოდარის ოლქს მიუერთა”, – ნათქვამია წერილში.
დეპუტატები აღნიშნავენ, რომ სწორედ ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა, 2021 წლის 2 აგვისტოს მიიღო რეზოლუცია, „დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ“, სადაც რუსეთის ქმედებები ანექსიად, ხოლო, გაგრის რაიონის სოფელი აიბღას, კრასნოდარის ოლქისთვის მიერთება საერთაშორისო სამართლის კუთხით მიუღებლად და უკანონოდ იქნა მიჩნეული.
„ამავე რეზოლუციაში დაფიქსირდა, ანექსიის პროცესის საწინააღმდეგო ერთიანი პოზიციის გაჟღერების მოწოდება, საერთაშორისო პარტნიორებისადმი.
ყოველივე ზემოაღნიშნულისა და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, სრულიად მიუღებლად მიგვაჩნია ის დუმილი და უმოქმედობა, რასაც თქვენი უწყება ახდენს ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის და ე.წ. ხელშეკრულების საკითხზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს უშუალო ვალდებულებას წარმოადგენს, ოფიციალური განცხადების გაკეთება, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ე.წ ხელშეკრულებას ცალსახა ანექსიად შეაფასებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადების გაკეთება, პირდაპირი კავშირშია სახელმწიფოს დეოკუპაციის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესთან და საპარლამენტო რეზოლუციასთან მიმართებაში, ისევე, როგორც მოწოდება და მუშაობა დასავლელ პარტნიორ ქვეყნებთან, “- ნათქვამია წერილში.
წერილს ხელს აწერენ დეპუტატები: ლევან იოსელიანი, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, თამარ კორძაია, ალეკო ელისაშვილი, ხათუნა სამნიძე, ვახტანგ მეგრელიშვილი.