საქართველოს პარლამენტის მოქმედმა დეპუტატებმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვმა და მმართველი პარტიიდან რუსლან გაჯიევმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ღიად დაუჭირეს მხარი აზერბაიჯანის მხარეს.
დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ღია წერილით მიმართა. წერილი მან თავის Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
https://www.facebook.com/azer.suleymanov.18/posts/3278071982299899
„ბოლო 30 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მუდმივად ესხმოდნენ თავს ჩვენი ამაზრზენი მეზობელი სომხეთი და სომხეთის ტერორისტული შეიარაღებული ჯგუფები და ამ აგრესიული პოლიტიკისა და მათი მომხრეების დახმარების შედეგად, აზერბაიჯანმა დაკარგა ტერიტორიის 20%.
საძულველმა მტერმა ჭკუა ვერ ისწავლა და რამდენიმე თვის წინ, ფრონტის ხაზის კვლავ შეცვლით სცადა აზერბაიჯანის ტერიტორიების შეჭრა ტოვუზის რაიონის მიმართულებით, ყარაბაღიდან ასობით კილომეტრში. 7 სექტემბერი შეიძლება იყოს ამ თარიღის დასაწყისი. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენი თანამემამულეები საქართველოში, როrორც 90-იან წლებში ნებაყოფლობით მონაწილეობდნენ ყარაბაღისა და აფხაზეთის ომებში, ახლაც მზად არიან ნებისმიერი გაწვევისთვის ჩვენი ეროვნული სახელმწიფოს, აზერბაიჯანისა და ჩვენი დიდი სამშობლოს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, “- ნათქვამია წერილში.
საქართველოს პარლამენტის წევრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს მიმართავს, რომ „თქვენი მტკიცე ნაბიჯების მეშვეობით მალე ტერიტორიებს გავათავისუფლებთ“.
ღია მხარდაჭერა გამოხატა სოციალურ ქსელში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რუსლან გაჯიევმაც. მან სამხედრო დაპირისპირება შეაფასა როგორც „წარმატებული ოპერაცია“ აზერბაიჯანის მხრიდან.
„წარმატებული საომარი ქმედებების განხორციელება გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჩვენს რეგიონში მსგავსი კონფლიქტები საბოლოოდ მოგვარდება”, – აღნიშნავს ის. რუსლან გაჯიევის ფეიბუქპოსტი ამჟამად აღარ იძებნება, თუმცა, მისი ეს განცხადება თავდაპირველად ონლაინგამოცემებმა Aliq.ge და Jnews.ge-მა გაავრცელა.
„პუბლიკა“ ორივე პარტიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რამდენად მისაღებია მოქმედი დეპუტატისგან ამგვარი რადიკალური მოსაზრებების გაჟღერება, მაშინ როდესაც ქვეყანა რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.
„ქართულ ოცნებაში“ გვითხრეს, რომ საგარო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გავცნობოდით რადგან ეს არის ქვეყნის ოფიციალური პოზიცია, რუსლან გაჯიევის განცხადებასთან დაკავშირებით კი ვერაფერს იტყვიან. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობიდან“ კი რედაქცია ამ დრომდე ელოდება პასუხს.
კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ის იცნობს ამ წერილების შინაარსის ნაწილს. მისი შეფასებით, ამგვარი განცხადებები საქართველოს პარლამენტის წევრებისგან სრულიად სამარცხვინოა და პარტიები ვალდებულები არიან განმარტება გააკეთონ.
„სრულიად სამარცხვინო ფაქტია. ისინი საქართველის პარლამენტის წევრები არიან და არ იციან როგორ მოიქცნენ, ეს არის სრულად დაუშვებელი და დამაფიქრებელი ამ პარტიებისთვის. ფაქტია, ეს ხალხი ვერ გრძნობს, რომ საქართველოს დეპუტატები არიან და სხვა ქვეყნის დეპუტატებად, მოქალაქეებად თუ ინეტერესების გამტარებლად წარმოაჩენენ თავის თავს. უნდა გააკეთოს განცხადება, როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მე ამ ხალხისგან არაფერს ველოდები, მაგრამ ამ ორი პარტიიდან ველოდები განცხადებას რაშია საქმე, მათ უნდა აგვიხსნან როგორ შეიძლება საქართველოს მოქალქეებმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა ამ ტიპის სამრაცხვინო განცხადება გააკეთონ.
კი, ჩვენთან არსებობს სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება ნამდვილად, მაგრამ არსებობს პოლიტიკოსების ვალდებულებები გაატარონ სახელმწიფო პოლიტიკა. როცა სახელმწიფოს პოლიტიკაა დაბალანსებული, ცდილობს არ წარმოაჩინოს თავისი თავი კონფლიქტის რომელიმე მხარეს, გამოხატავს სურვილს რომ კონფლიქტი მოგვარდეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით და სახელმწიფოს ამოცანაა, რეგიონში იყოს შენარჩუნებული სტაბილურობა, ამ დროს ამ პოლიტიკოსების პოზიციაა პირიქით. არ ჩანს, რომ ისინი ფიქრობენ რეგიონში სტაბილურობაზე, ისინი ფიქრობენ აშკარად რეგიონში დესტაბილიზაციაზე, “- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
ის აცხადებს, რომ არ შეიძლება ეს საკითხი ღიად დატოვონ პარტიებმა, თითქოს არაფერი მომხდარა.
„ამ პარტიამ ჩამოაყალიბონ მაშინ თავისი პოზიცია, თუ მიაჩნიათ რომ ეს ნორმალურია ეს უკვე იქნება პოლიტიკური შეფასება და შემდეგ საზოგადოებას მიეცემა საშუალება არჩევნების დროს მიიღოს გადაწყვეტილება ღირს თუ არა ამ პარტიას ხმა მისცენ. მაგრამ ასე ცალკე დეპუტატების ეს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ აშკარად ამ ხალხს არ აქვთ გათვითცნობიერებული რომელი სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, “- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი დღის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ქვეყანა იმედს გამოთქვამს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში არ გადაიზრდება. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირება 27 სექტემბერს დილით დაიწყო. ორივე მხარე კონფლიქტის განახლებაში ერთმანეთს ადანაშაულებს. რეგიონში სამხედრო მოქმედებები მესამე დღეა არ წყდება. აზერბაიჯანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ გაანადგურეს არერთი სომხური პოზიცია და დაიკავეს დასახლებებისა და სტრატეგიული ობიექტების ნაწილი. სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიერ დაკავებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის უკან დაბრუნება შეძლეს.
სამხედრო დაპირისპირებას ათობით სამხედრო ემსხვერპლა. როგორც აზერბაიჯანი, ისე სომხეთი ირწმუნება, რომ მათ მტერს გაცილებით დიდი ზიანი მიაყენეს, საუბარია ასობით დაღუპულ ჯარისკაცზე. კონფლიქტის განახლების შემდეგ მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოქალაქეებშიც.
ამჟამად როგორც უშუალოდ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. სომხეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო აზერბაიჯანში ნაწილობრივ მობილიზაციაც გამოცხადდა.
კონფლიქტს გამოეხმაურა არაერთი ქვეყანა. მათ შორის თურქეთმა მკაცრად გააკრიტიკა სომხეთი და მას კონფლიქტის გაღვივებასა და რეგიონში დესტაბილიზაციის მცდელობაში დასდო ბრალი. თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აზერბაიჯანს მხარდაჭერა აღუთქვეს. ხოლო აზერბაიჯანი გააკრიტიკა კვიპროსმა ოფიციალურ განცხადებაში. მხარეებს კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან არიდებისკენ მოუწოდა კრემლმაც, მას შემდეგ რაც ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ესაუბრა.
ფაშინიანი ესაუბრა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსაც, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, მოუწოდა დაპირისპირების დიალოგის ფორმატში გადაყვანისკენ, ფაშინიანმა კი მოითხოვა, რომ შეაჩერონ თურქეთი კონფლიქტში შესაძლო ჩართვისკენ.
კონფლიქტის მხარეებს სამხედრო დაპირისპირების შეწყვეტისკენ აქტიურად მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის, NATO, ევროპის საბჭო, აშშ და სხვ.