ყარაბაღის კონფლიქტი და საქართველოს პოზიცია | პაატა ზაქარეიშვილის შეფასება

თათია ხალიანი

გუშინ, 27 სექტემბერს, გამთენიისას მთიან ყარაბაღში სამხედრო შეტაკებები განახლდა. კონფლიქტის განახლებაში სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. სამხედრო დაპირისპირებას მოჰყვა მსხვერპლი. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ქვეყანა იმედს გამოთქვამს, რომ  სომხეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის დაწყებული დაპირისპირება ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში არ გადაიზრდება. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველო მზადაა, ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყოს დეესკალაციასა და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.

ბოლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს ჰქონდა მსხვერპლი,  დაიღუპნენ აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნებიც. უშუალოდ მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება ბოლოს 2016 წელს იყო, რასაც აპრილში 4-დღიანი ომი მოჰყვა.

რა ვითარებაა რეგიონში? მოსალოდნელია თუ არა ფართომასშტაბიანი დაპირისპირება? რა საფთხეებს შეიძლება შეიცავდეს ის საქართველოსთვის? რა პოზიცია  უნდა ეჭიროს ქვეყანას ამ კონფლიქტში? – ამ კითხვებზე კონფლიქტოლოგმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.

ომი რეგიონში – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? 

„მართლაც რთული ვითარებაა სამხრეთ კავკასიაში. ყარაბაღის კონფლიქტი დამოკლეს მახვილივით ყოველთვის ეკიდა კავკასიის თავზე და მუდმივად არსებობდა საფრთხე, რომ ერთ დღესაც  ის მოხდებოდა, რაც ახლა ხდება. ეს მოვლენები მოსალოდნელი იყო“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი აღნიშნავს, რომ ივლისში არა უშუალოდ ყარაბაღში, არამედ სომხეთ -აზერბაიჯანის საზღვართან (ასევე საქართველოს საზღვართან ახლოს), თავუზის პროვინციაში დაწყებულმა კონფლიქტმა აჩვენა, რომ მხარეები არ იყვნენ მზად მშვიდობისთვის.

„იყო ძალიან დაძაბული ვითარება, მაგრამ სადაც ეს ესკალაცია მოხდა, თავუზის რაიონში, სომხეთ-აზერბაიჯანის ჩრდილოეთით, იქ არ იყო თავმოყრილი ტექნიკა და დიდხანს არ შეეძლოთ საომარი მოქმედებების განხორციელება. აშკარად შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამ შემთხვევითობამ ძალიან ბევრი ჭრილობა გახსნა. მეც და ყველამ, ვინც ვაკვირდებით, რა ხდება ყარაბაღში და მთლიანად კავკასიაში, ჩავთვალეთ, რომ ეს კონფლიქტი გადავიდოდა ყარაბაღში. სამწუხაროდ, ასეც  მოხდა.

მე არ ვამბობ, ვინ დაიწყო ომი, თუმცა არსებობს გარკვეული მოსაზრებები. ამ წუთში მხარეები ერთმანეთს აბრალებენ და ძალიან ძნელია, ვინმეზე კონკრეტულად თქვა, რომ სწორედ ამან დაიწყო ომი, მაგრამ მკაფიოდ და ცალსახად უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისთვის მიუღებელია ეს სტატუსკვო, რაც ახლა ხდება და მას აუცილებლად სჭირდება ცვლილებები.

ყველაზე სერიოზული ფართომასშტაბიანი დაპირისპირება ყარაბაღის ტერიტორიაზე იყო 2016 წელს, აპრილში. მოგეხსენებათ, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონა ორი ნაწილისგან შედგება –  ერთი მხრივ, საკუთრივ ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, საბჭოთა პერიოდში არსებული, და მეორე, ამ ყარაბაღის გარშემო არსებული ტერიტორია, ე.წ. ბუფერული ზონა, რომელიც დაკავებული აქვს სომხეთს. სწორედ ამ ზონას ეძახიან აზერბაიჯანელები ოკუპირებულ ტერიოტორიებს.  მთელი ეს ტერიტორია, მთიანი ყარაბაღი, ითვლება ოკუპირებულად, მაგრამ ხაზგსმით როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობენ, ძირითადად იგულისხმება ეს ბუფერული ზონა, ანუ ყარაბაღის გარშემო არსებული 7 რაიონი, რომელიც აზერბაიჯანის ნაწილებია და ასევე დაკავებულია“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

მისი თქმით, როდესაც ამ კონფლიქტის ირგვლივ მიმდინარეობს პოლიტიკური დებატი, რომ რა ვუყოთ ამ ტერიტორიებს, სომხეთი მზად არის სწორედ ამ ბუფერულ ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ისაუბროს, მაგრამ არა უშუალოდ ყარაბაღის ტერიტორიაზე. ზაქარეიშვილის თქმით, საომარი მოქმედებებიც ძირითადად სწორედ ამ ზონაში მიმდინარეობს.

„2016 წელს სწორედ ამ ტერიტორიაზე, ბუფერულ ზონაში აზერბაიჯანმა მიაღწია წარმატებას და რამდენიმე სოფელი დაიკავა. ეს იყო შეტყობინება მსოფლიოსთვის, რომ ის ამას დიდხანს ვერ აიტანდა და აი, ასე ნელ-ნელა, ლუკმა-ლუკმა ის აპირებს ტერიტორიების აღებას.

ამასობაში ესეც იყო ფაქტორი სომხეთისთვის – წაგება, რამაც გამოიწვია კრიზისი პოლიტიკაში. შესაძლოა ეს არ იყო მთავარი ფაქტორი, მაგრამ ერთ-ერთი ნამდვილად – რატომ წავაგეთ 2016 წლის აპრილი. შემდეგ მოვიდა ფაშინიანი, რევოლუცია, დემოკრატია და ა.შ. და გაჩნდა იმედები ყველგან სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც, რომ შეიცვლება ვითარება. მართლაც ყველასთვის მოულოდნელად ვითარება არსებითად გაუმჯობესდა. ალიევი და ფაშინაიანი ერთმანეთს ვენაში შეხვდნენ,  შეთანხმდნენ წითელ ხაზებზე. ამ შეხვედრის შემდეგ მართლაც ერთი-ორად იკლო ამ ზონებში მსხვერპლის რაოდენობამ.

ეს იყო დიდი წარმატება. გაჩერდა ეს პროცესი, თუ მანამდე კვირაში ან თვეში ერთხელ ვიღაც იღუპებოდა, მხარეების მოლაპარაკების მერე თვეები ისე გადიოდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია აღარ იყო.  ყველას გვქონდა იმედი, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ წავიდოდა.  მაგრამ, როგორც ჩანს, აზერბაიჯანი მიხვდა, რომ არც ფაშიანიანის შემთხვევაში იყო შესაძლებელი რაღაც მოლოდინის შესრულება. რადგან მათ ჰქონდათ იმედი, რომ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ანუ ამ ბუფერულ ზონაზე მაინც იქნებოდა რაღაც შეთანხმება.

ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ივლისში ვნახეთ, ოღონდ არა ყარაბაღში, არამედ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, საქართველოს საზღვართან მათ შორის, სადაც გადის ეს ნავთობსადენი და გაზსადენის მილები, რომლითაც დაინტერესებულია მსოფლიო. ეს იყო მართლაც მოულოდნელი თითქმის ცარიელ ადგილზე შექმნილი პრობლემა, მაგრამ აქ მორალური უპირატესობა მოიპოვა სომხურმა მხარემ, რადგან ამ სამ-ოთხდღიან უცნაურ შეტაკებაში დაიღუპა აზერბაიჯანის ჯარების ერთი გენერალი და ორი პოლკოვნიკი. ასეთი რამ ომის დროსაც კი არ ყოფილა 90-იან წლებში, ეს ძალიან დიდი მორალური ზარალია, როცა ასეთ შეტაკებაში გენერალს კარგავ“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

როგორც ის ამბობს, სწორედ ივლისიდან ძალიან შეიცვალა მდგომარეობა და ყველა დარწმუნდა, რომ მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის მოლოდინი არარეალისტური იყო. ამიტომ ყველა ელოდებოდა უშუალოდ ყარაბაღში კონფლიქტის განახლებას. მისი თქმით, ახლა, როგორც ჩანს, მდგომარეობა არის ასეთი – აზერბაიჯანი ამბობს, რომ წარმატებით უტევს, სომხეთი ამბობს, რომ წარმატებით იცავს თავს.

„რაც წუხელ ვნახე რუკაზე, აზერბაიჯანი უტევს ამ ბუფერულ ზონას და არა უშალოდ ყარაბაღს, შეიძლება გადავიდეს ყარაბაღშიც, მაგრამ მე ვფიქრობ, ის დაკმაყოფილდება რაღაც წარმატებით მაინც, მაგალითად, ორი ან სამი რაიონი რომ აიღოს, ეს ძალიან დიდი წარმატება იქნება აზერბაიჯანისთვის. სათქმელი ექნება, რომ აი ხომ ხედავთ მე გავჩერდი, პირობითად, მაგრამ ამას დიდხანს ვერ მოვითმენ თუ ამ ბუფერულ ზონაში არსებული დანარჩენი რაიონების დაბრუნებაზე მოლაპარაკებები აღარ გაგრძელდება. მე ეჭვი მეპარება, აზერებაიჯანმა ახლა უკან დაიხიოს“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

თურქეთი და რუსეთი – რატომ არის ყარაბაღის კონფლიქტი გეოპოლიტიკური

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი გეოპოლიტიკურია და რეგიონში თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს თურქეთი და რუსეთი.

„ეს კონფლიქტი, ცალსახად და მკაფიოდ, გეოპოლიტიკურია. მაგალითად, ჩვენი 2008 წლის კონფლიქტი იმდენად გეოპოლიტიკური არ ყოფილა, რამდენადაც  ეს კონფლიქტი.  2008 წელს იქ იყო ჩადებული რუსეთის გეოპოლიტიკა, მაგრამ საქართველოს მხრიდან გეოპოლიტიკა არ იყო. აქ იყო ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ანუ ჩვენს ზურგს უკან არცერთი სახელმწიფო არ იდგა, რომელიც საქართველოს ეხმარებოდა იარაღით ან რამით, რათა თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები განეხორციელებინა – არც თურქეთი, არც ამერიკა, არავინ. 2008 წელს ხდებოდა მხოლოდ რუსეთის ნეოიმპერიული ინტერესების რეალიზაცია.

ყარაბაღის კონფლიქტში კი მკაფიოდ არის გამოკვეთილი თურქეთი და რუსეთი. ნებისმიერი მოძრაობა ყარაბაღში აძლიერებს თურქეთს. თურქეთმა მკაფიოდ თქვა, რომ ის ცალსახად უჭერს მხარს მხოლოდ და მხოლოდ აზერბაიჯანს. ის არ არის ნეიტრალური, როგორც ამერიკა, ან როგორც ჩვენ და არ საუბრობს მოლაპარაკების მაგიდის აუცილებლობაზე. თურქეთმა აშკარად გამოხატა თავისი სტრატეგიული ხედვა. ანუ თურქეთი გახდა აქტიური გეოპოლიტიკური მოთამაშე. მაგალითად, მე როგორც ანტირუსს, მიმაჩნია, რომ რეგიონში თურქეთის გაძლიერება ჯობია, რათა მან შეავიწროვოს რუსეთის ინტერესი. მე ამაში უფრო დადებითს ვხედავ, ვიდრე უარყოფითს. ამ პროცესში ჩანს, რომ თურქეთს მოკავშირე აზრებიაჯანი ჰყავს.  თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი ღვიძლი ძმა კულტურულად, ჰომოგენურად, ყველაფრით.

რუსეთი უფრო ხელფეხშეკრულია. ის ჯერ ერთი ვერ დაეხმარება სომხეთს ყარაბაღის ტერიტორიაზე, რადგან ყარაბაღი ითვლება აზერბაიჯანის ტერიტორიად; რუსეთს კი აქვს ვალდებულება მხოლოდ სომხეთს დაეხმაროს, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას. ვიდრე სომხეთის ტერიტორიაზე არ დაიწყება საომარი მოქმედებები, რუსეთი ღიად (თორემ ფარულად რუსეთი ყველაფერს აკეთებს), საჯაროდ, პოლიტიკურად ვერ დაუჭერს მხარს სომხეთს, ვერც იარაღით და ვერც ვერაფრით. მეორე მხრივ რუსეთი არის მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ანუ მისი მოვალეობაა არა რომელიმე მხარის პოზიციის დაკავება, არამედ უნდა იყოს ნეიტრალური და მოლაპარაკების ფასილიტატორი.

ამიტომ რუსეთი ხელფეხშეკრულია, თურქეთი კი – არა. და უფრო მეტად საჯაროდ შეუძლია მხარი დაუჭიროს თავის რჩეულს, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს. აქ არის მკაფიოდ გამოკვეთილი გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ცალსახად იმარჯვებს თურქული მხარე, არა იარაღით და ომით, არამედ პოლიტიკურად“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

რა როლი აქვს და რა პოზიცია უნდა დაიჭიროს საქართველომ

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიბაძოს ევროკავშირს და შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი.

„საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო პირდაპირ შუაგულ კონფლიქტში, შეიძლება ასე ითქვას, რომელსაც თავისი ინტერესი აქვს, მაგრამ ეს ინტერესი არაა რომელიმეს გამარჯვება. თურქეთის ინტერესია აზერბაიჯანის გამარჯვება, რუსეთი კიდევ ვერაა ბოლომდე ნეიტრალური და ის სომხეთს უჭერს მხარს, იარაღს აძლევს და ა.შ.  ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც გვაქვს ორივე სახელმწიფოსთან თანაბრად კარგი ურთიერთობა, ეს ერთი – და ეს ყოველთვის აუცილებლად მკაფიოდ უნდა ითქვას; მეორე – ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესები თურქეთთან და აზერბაიჯანთან,  ჩვენთან გადის ეს მილები და ეს ჩვენი უდიდესი მონაპოვარია.

ჩვენ გვჭირდება უაღრესად კარგი ურთიერთობები თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რაც ცალსახად აღიზიანებს რუსეთს. ეს სარტყელი თურქეთი – საქართველო – აზერბაიჯანი, ეს არის დამანგრეველი კონცეფცია რუსეთისთვის, ამიტომ არის ეს ჭიდაობები, ეს წუწაობები მარნეულში ნარიმანოვის ძეგლზე; უფრო სერიოზულია დავით გარეჯის თემა და ა.შ. აი ამ ფოლადის ღერძის განგრევა უნდა რუსეთს. მაგალითად, ეს პლაკატები, პარტიები – არაა ახლა ჩემი ამოცანა პოლიტიკური შეფასება, მაგრამ ეს აჩვენებს რა პოლიტიკის ნაწილია – რუსეთს უნდა ამ ანტიისლამური, ანტითურქული, ანტიაზერბაიჯანული განწყობებით აქ სხვა თემა ააგოროს“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კონფლიქტის გამწვავება – რა საფრთხეებია მოსალოდნელი საქართველოსთვის

პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პრობლემა შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი გამოვა ყარაბაღის ზონიდან და სომხეთის ან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

„თუ რუსეთის ინტერესებშია დაეხმაროს სომხეთს, მას აწყობს, რომ კონფლიქტი როგორმე გავიდეს ამ ორი ტერიტორიიდან –  ყარაბაღიდან და ამ ბუფერული ზონიდან.  ზემოთ წავიდეს, სადაც იყო ივლისში.  რუსეთს ძალიან სჭირდება, საომარი მოქმედებები წარიმართოს იქ, სადაც გადის გაზსადენი და ნავთობსადენი. აი მაშინ მიუახლოვდება საქართველოს საზღვარს.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს საზღვარზე არაფერი არ იქნება, მაგრამ ეკონომიკურად შეიძლება იყოს პრობლემები. თუ მართლა ფართომასშტაბიანი ომი წავიდა, რაშიც ეჭვი მეპარება, რადგან მსოფლიო არ დაუშვებს (არც თურქეთს და არც რუსეთს ომის გაღვივება არ უნდა, მათი ინტერესია თვითონ მართონ ეს კონფლიქტი), ამიტომ მინიმუმ ხუთი დღე და მაქსიმუმ ერთი თვე შეიძლება გაგრძელდეს, შეიძლება გაჩერდნენ მხარეები და დაიწყონ პოზიციური სროლები, არ გამოვრიცხავ”, – ამბობს ის.

პაატა ზაქარეიშილი ფიქრობს, რომ კონფლიქტში რამდენიმე დღეში სამშვიდობო შეთანხებაზე ხელის მოწერით დასრულდება, სადაც მხარეები ცეცხლის შეწყვეტის, ძალის არგამოყენებაზე შეთანხმდებიან.

„ჩვენთან მოეწერა ხელი 12 აგვისტოს ასეთ შეთანხმებას,  რომელიც არ სრულდება რუსეთის მხრიდან. თუ რუსეთი არ ასრულებს ამას, რადგან დიდი სახელმწიფოა და არ ადარდებს არაფერი. სომხეთი და აზერბაიჯანი თუ ხელს მოაწერენ კეთილს ინებებენ და შეასრულებენ,  რადგან სულ სხვა პატრონები ჰყავთ ზემოდან.

ამ ფონზე საქართველომ მუდამ უნდა უყუროს ევროკავშირს. ჩემი აზრით, ის არის ჩვენი ყველაზე უფრო სანდო ორიენტირი, რადგან ისინი ძალიან დიპლომატიური არიან, ძალიან მოქნილად მოქმედებენ. საქართველოს უნდა ჰქონდეს პირდაპირი კონტაქტები ანკარასთან და ბაქოსთან, რათა აუხსნას, რატომ არის საჭირო სომხეთთან არ გაწყდეს ჰუმანიტარული, ეკონომიკური, სოციალური და ა.შ. კონტაქტები.  საქართველოს ვალდებულებაა და უნდა დაარწმუნოს მხარეები, რომ არცერთის არც ერევნის, არც ბაქოს, არც ანკარას ინტერესებში არაა, საქართველომ დაიკავოს რომელიმე მხარის პოზიციები.

საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური და ჯერჯერობით ეს გამოდის. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხდება ფარულად. ჩვენთან პარლამენტი პარლამენტი არ არის, პრეზიდენტი პრეზიდენტი არ არის, უშიშროების საბჭო უშიშროების საბჭო არ არის, სადღაც სხვაგან, ამ მომიჯნავე სტრუქტურებში ხდება გადაწყვეტილების მიღება ამიტომ არ ჩანს, საქართველო რას აკეთებს“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კითხვაზე – რა მოხდება მაშინ, რუსეთმა საქართველოს ჰუმანიტარული კორიდორის გახსნის მოთხოვნით რომ მიმართოს? – პაატა ზაქარეიშვილი პასუხობს: „რატომ უნდა მოგვმართოს ჩვენ, ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს. მიმართოს ირანს ის უფრო ახლოსაა, რა პრობლემაა”.

კონფლიქტოლოგის თქმით, ლტოლვილების საკითხი გამორიცხული არაა, თუ კონფლიქტი სომხეთის ტერიტორიაზე გადავა და ფართომასთაბიან ომში გადაიზრდება, სხვა შემთხვევაში ის გამორიცხავს ამ კონლიქტისგან ყველანაირ საფრთხეს საქართველოსთვის.

„როცა ვლაპარაკობთ კონფლიქტის რეგიონულ გაფართოებაზე, ყველაზე ბოლოს იგულისხმება საქართველო. ყველაზე ჰიპოთეტურად და ყველაზე არარეალისტურად  გაფართოებაში იგულისხმება ყარაბაღის ზონიდან გასვლა, მაგრამ ვერცერთ შემთხვევაში ეს საქართველოს ვერ შეეხება.  მით უმეტეს გამორიცხულია თურქეთ-რუსეთის ომი, რაზეც თითქოს იყო საუბარი. შეუძლებელია ამ ორმა ქვეყანამ დაუშვას ერთმანეთთან თავიანთი შეიარაღებული ძალების დაპირისპირება.  მით უმეტეს თურქეთი ნატოს წევრია და ნატოს არანაირად არაფერში არ სჭირდება ეს დაპირისპირება. აქ ნამდვილად შეიძლება მშვიდად ვიყოთ.

ნებისმიერი კონფლიქტი ყარაბაღის ტერიტორიაზე ასუსტებს რუსეთს, რადგან მას უწევს ორივე ფრონტზე თამაში, იმიტომ კი არა, რომ სუსტია და კულტურულია, არამედ მას სჭირდება აზერბაიჯანის არდაკარგვა, რადგან მისი მოკავშირეა. მეორე მხრივ სომხეთი, ორივესთვის იარაღის მიყიდვა, დიპლომატიური ურთიერთობები, ღიად ვერცერთს ვერ დაუჭერს მხარს, ამიტომ უწევს თამაში. ამიტომ ნებისმიერი ასეთი მოქმედება ასუსტებს რუსეთს და აძლიერებს თურქეთს. ჩვენ როგორც თურქეთისა და აზერბაიჯანის მოკავშირე, ჩვენ პოზიციები ამით არანაირად არ სუსტდება. ჩვენ არაფრის არ უნდა გვეშინოდეს ამ სიტუაციაში. ჩვენ უნდა გვეშინოდეს ქართული ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების, რაც ხშირად რუსეთს აძლიერებს ხოლმე, სამწუხაროდ“, – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ის ამბობს, რომ საქართველოს ამ კონფლიქტმა შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური ზიანი მოუტანოს, სხვა ტიპის საფრთხეს გამორიცხავს.