სრულიად შეფუთული შევდივარ ციხეში, ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ - ლომჯარია

პუბლიკა

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გლდანის დაწესებულებაში მსჯავრდებულ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, სრულიად შეფუთული შევიდა, თუმცა პატიმრები მის სახელსაც სკანდირებდნენ. მას ეჭვი უჩნდება, რომ პროცესი შესაძლოა, წინასწარ იყოს ორგანიზებული. ამის შესახებ ომბუდსმენმა „ფორმულას” ეთერში ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო გარკვეული ჯგუფის პატიმრების მხრიდან ორგანიზებული ან კოორდინირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ამის პირდაპირი მტკიცებულებები არ მაქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ — სრულიად შეფუთული შევდივარ მე, პირადად, ციხეში. რამდენიმე წამი დამჭირდა მანქანიდან, სანამ მე-18 დაწესებულებაში შევიდოდი და ამ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩემს გვარსაც სკანდირებდნენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს, როგორ შეიძლებოდა, ეს დაეფიქსირებინათ ისე, რომ ეს არ ყოფილიყო კოორდინირებული, ან წინასწარ ორგანიზებული”, – განაცხადა მან.

მსგავსი განცხადება გააკეთა დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამაც. მისი თქმით, სპეციალური ეკიპირების მიუხედავად, „ყველა კორპუსის პატიმარი მიხვდა, რომ ის იყო, სანამ შევიდოდა”.

„პირობას ვდებ, ჩემი ცოლიც ვერ მიცნობდა, რომ მე ვიყავი. შესაბამისად, გინება, რომ მოწყობილია ციხის ადმინისტრაციის მიერ, ასე მარტივად იშიფრება”, – განაცხადა გვარამიამ გლდანის დაწესებულების დატოვების შემდეგ.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ გლდანის დაწესებულების ოთახში ესმის სხვა პატიმრების შეძახილები და გინება.