„სტალინის მიმართულებით ყვიროდა ტირანი და მსგავსი შეურაცხმყოფელი ფრაზებით“ - რა წერია ნატა ფერაძის საქმის ოქმში

პუბლიკა

„ნატა ფერაძე ყვიროდა სტალინის მიმართულებით ტირანი და სხვა შეურაცხმყოფელ ფრაზებს“ – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ ნატა ფერაძის სამართალდარღვევის საქმის დადგენილებაში.

„პუბლიკა“ გაეცნო სააპელაციო სასამართლოს დადგენილებას, რომლითაც მეორე ინსტანციის სასამართლომ დაუშვებლად ცნო ნატა ფერაძის საჩივარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის შეწყვეტის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული სახდელის შესახებ საქალაქო სასამართლოს დადგენილებას.

სააპელაციო სასამართლოში საქმე მოსამართლე ნინო ჭალიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა. პირველ ინსტანციაში კი ნატა ფერაძეს ადმინისტრაციული პატიმრობა ნინო შჩერბაკოვმა შეუფარდა.

დადგენილებებში მიმოხილულია პირველი ინსტანციის მიერ გამორკვეული გარემოებები და მოყვანილია მოწმეთა ჩვენებები.

ოქმის მიხედვით ანდრია გეწაძემ, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მსახურობს და, მისი თქმით, შემთხვევის თვითმხილველია, განაცხადა, რომ ნატა ფერაძე ხატთან ყვიროდა, რომ სტალინი იყო ტირანი:

„ზეპირი გასაუბრების ოქმში გიორგი გეწაძემ (მამა ანდია) განმარტა, რომ […] ნატა ფერაძე თანმხლებ პირთან ერთად ტაძარში მივიდა. თანმხლები ქალბატონი მას ესაუბრებოდა და ეკითხებოდა მატრონასა და სტალინის ხატის შესახებ, რა დროსაც უეცრად ყვირილი გაიგონა. ნატა ფერაძე მისული იყო ხატთან და ყვიროდა, რომ სტალინი იყო ტირანი და უეცრად ხატის მიმართულებით ისროლა რაღაც მყიფე საგანი, რომელიც მიენარცხა ხატის დამცავ შუშას და საღებავით დასვარა“, – ამბობს ჩვენებაში სამების საკათედრო ტაძრის სასულიერო პირი.

იგივე გარემოებებია აღწერილი სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანოს წარმომადგენლების განმარტებაში:

„ნატალია ფერაძე მიდის ხატთან და მას კვერცხში ჩადებულ საღებავს ესვრის, შედეგად ხატის დამცავი შუშა დაისვარა. პარალელურად, ნატალია ფერაძე ყვიროდა, შეურაცხმყოფელ ფრაზებს იძახდა, რომელიც მიმართული იყო სტალინის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ნატალია ფერაძე პარალელურად ყვიროდა ტირანი და მსგავსი შეურაცხმყოფელი ფრაზებით, ასევე ტაძრის დატოვების მომენტში აგრძელდება ყვირილს, რითაც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგსა და სიმშვიდეს.

ნატალია ფერაძის ქმედებამ გამოიწვია ხმაური, ასევე ყვირილმა და შემდგომ ხატის მიმართულებით საღებავის სროლამ მიიპყრო სასულიერო პირის და ადგილზე მყოფი მომლოცველების ყურადღება. მოცემულ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადგილს, სადაც ნატალია ფერაძის მხრიდან ზემოაღნიშნული ქმედება განხორციელდა და ეს არის ეკლესია, სადაც საზოგადოებას განსაკუთრებული წესრიგის დაცვა ევალება და ნებისმიერი პირი უნდა მოქმედებდეს თავშეკავებულად, ვინაიდან ოდნავი ხმაურიც კი იწვევს ტაძარში მყოფი მომლოცველებისთვის იმ სულიერი საზრდოს მიღებაში ხელშეშლას, რისთვისაც მიდიან. ნატალია ფერაძის ქმედებამ უამრავი ადამიანის მრწამსს მიაყენა შეურაცხყოფა“, – აღნიშნულია დადგენილებაში. ოქმის შემდეგნი ორგანოს წარმომადგენლები გიორგი ჩუთლაშვილი და გიორგი ქურციკიძე იყვნენ.

თავად ნატა ფერაძე ამბობს, რომ ანდრია გეწაძე ჩვენებაში იტყუება.

„საერთოდ არ მიყვირია. არც სროლამდე, არც გასვლისას. ჩუმად მივედი, 3 კვერცხი მედო ჯიბეში, 3-ვე ვისროლე და ჩემით გამოვიწიე (და არა გეწაძემ გამწია). ერთადერთი, ხმა ამოვიღე, ვიღაც გოგომ რო თავი წაიქცია, ეს რა ქენი, სიწმინდეაო, მეთქი, სიწმინდე კი არა, სტალინი ტირანია, ჩამიხოცა წინაპრები-მეთქი, ჩვეულებრივ ხმაზე, ყვირილის გარეშე და მერე წყნარი, ჩუმი ტაატით წავედი“, – წერს ის სოციალურ ქსელში.

რაც შეეხება სასამართლოსთვის წარდგენილ მის პოზიციას, ფერაძე არ უარყოფს სტალინის გამოსახულებისთვის საღებავის შესხმას და ამბობს, რომ მისი მიზანი რელიგიისთვის ჩრდილის მიყენება ან ვინმეს რწმენის შეურაცხყოფა არ ყოფილა.

სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათის, სამართალდამრღვევი პიროვნების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სახდელის მიზანი მიიღწევა სამართალდამრღვევის დაპატიმრებით, რის გამოც ის ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და შეეფარდა ადმინისტრაცული პატიმრობა 5 დღით.

ნატა ფერაძეს ადმინისტრაცული პატიმრობა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა შეუფარდა.

ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში სამების ტაძრის ვიდეოკადრებს ავრცელებს.