19 მარტის დილას თურქეთის პოლიციამ დააკავა სტამბოლის მერი, ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავარ კონკურენტად მიიჩნევა.
თურქული სამთავრობო მედიის, Anadolu Ajansı-ის თანახმად, იმამოღლუ სავარაუდო კორუფციისა და ტერორისტული კავშირების გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
სამთავრობო მედია წერს, რომ პროკურატურამ დაკავების ბრძანება გასცა კიდევ 100 ადამიანზე. ასევე, ხელისუფლებამ სტამბოლის ირგვლივ რამდენიმე გზა დაკეტა და ქალაქში დემონსტრაციები ოთხი დღით აკრძალა.
იმამოღლუმ დილით გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით – „დარტყმა ერის ნებაზე“. მოვლენების პარალელურად, Netblocks-მა განაცხადა, რომ თურქეთმა რამდენიმე სოციალურ მედია პლატფორმაზე, მათ შორის X-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე წვდომა შეზღუდა.
„ჩვენ დიდი ტირანიის წინაშე ვართ, მაგრამ მინდა, რომ იცოდეთ, არ ვიქნები გულგატეხილი“, — თქვა ეკრემ იმამოღლუმ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში და თურქეთის ხელისუფლება „ხალხის ნების უზურპაციაში“ დაადანაშაულა.
თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ (CHP) 23 მარტს არჩევნების ჩატარებას გეგმავდა, რომელზეც, სავარაუდოდ, ეკრემ იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა აერჩიათ.
იმამოღლუს დაკავება მოჰყვა მისი სახლის ჩხრეკას, მას შემდეგ, რაც სტამბოლის უნივერსიტეტმა მისი დიპლომი ბათილად ცნო.
დიპლომის გაუქმებით იმამოღლუს კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში დაუშვებლად იქნებოდა ცნობილი, რადგან თურქეთის კანონმდებლობით, დიპლომი არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობაა.
ოპოზიციონერი მერის დიპლომის გაუქმების მიზეზად სახელდება მისი მობილობა სავარაუდო დარღვევებით 1990 წელს, ჩრდილოეთ კვიპროსის კერძო უნივერსიტეტიდან სტამბოლის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.
იმამოღლუმ უნივერსიტეტის გადაწყვეტილებას „უკანონო“ უწოდა და ამტკიცებს, რომ მათ არ აქვთ დიპლომის გაუქმების უფლებამოსილება.
უნივერსიტეტის ეს ნაბიჯი თურქეთში ფართოდ შეფასდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.