სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს - ნეჰამერი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან  ერთობლივ ბრიფინგი გამართა.

კარლ ნეჰამერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან ავსტრიის პოზიციაზე დეტალურად ისაუბრა, თუ რატომ გაიწერა უკრაინისთვის და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში რატომ დაფიქსირდა გაწევრიანების პერსპექტივა.

„ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცეგოვინას მომენტიც გასათვალისწინებელია. ანუ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ ვლაპარაკობთ ასევე სხვადასხვა ინტერესებზე, ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას მიმართ, მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იგივე სიგნალის გაგზავნა ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის“,- აღნიშნა კარლ ნეჰამერმა, რომლის განცხადებას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცლებს.

მისივე თქმით, საქართველოს მისცა იმის ცალსახა გარანტია, რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ „შევქმნათ ერთობლივი სივრცე, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით შექმნილ ამ ურთულეს  ვითარებაში“.
მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრისას კარლ ნეჰამერმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ დიდი პოტენციალი არსებობს.
„როდესაც ვსაუბრობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის ახლოს არის და საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ, ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის. ავსტრიელების და ავსტრიაში მცხოვრებლების ალბათ ძალიან პატარა ნაწილმა თუ იცის, რომ ჩვენი საშობაო ნაძვისხეების თესლების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოდან მოდის. ამის მიღმა, ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, ძალიან დიდი პოტენციალია ამ მიმართულებითაც, თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ეკონომიკური ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.
LB loan image desktop LB loan image mobile