სტატუსმეტრი | „შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა"

პუბლიკა

8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოამზადა რიგით მეოთხე დოკუმენტი – სტატუსმეტრი , რომელიც ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობას ასახავს.

ორგანიზაციების შეფასებით, 12 რეკომენდაციიდან ამ დრომდე, მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა სრულად შესრულებული(ECHR-ის გადაწყვეტილებების გათვალისწინება), მეტწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ხუთი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ოთხი პირობა. შესასრულებელ რეკომენდაციებს შორისაა დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, მედიის თავისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პირობა.

12 რეკომენდაციიდან პირველის, დეპოლარიზაციის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციები დოკუმენტში აღნიშნავენ, რომ:

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ პირველი მოსმენით მიღებულმა კანონპროექტმა პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ხელისუფლებასა და მედიას, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

მოიმატა თავდასხმებმა პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ. 

„ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა. ამასთან, ის დასავლეთს, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებასა და კრიტიკულ მედიას საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის სურვილში ადანაშაულებს.

„ქართული ოცნება“ კრიტიკოსებს „ომის პარტიად“ მოიხსენიებს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ხშირად „რუსეთის მონებს“ და „მოღალატეებს“ უწოდებს.

“ქართული ოცნების” განცხადებით, პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის გაღვივებას ევროკავშირი უწყობს ხელს, ხოლო “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის მიღება დეპოლარიზაციის მიზანს ისახავდა. ასევე, „ქართულმა ოცნებამ”უარყო დეპოლარიზაციაში შარლ მიშელის შეთანხმების როლი”, – ნათქვამია ანგარიშში. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, დეპოლარიზაციის კუთხით, გამოწვევად რჩება ის, რომ „არ გატარებულა რეფორმები საარჩევნო ბარიერთან და ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით; გრძელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება; პოლიტიკური პროცესები 2024 წლის არჩევნების წინ მკვეთრად პოლარიზებული რჩება;  არ მცირდება პოლარიზაციის გამომწვევი რიტორიკა; საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობისთვის ხელის შემშლელი კანონების მიღება პოლარიზაციას უფრო გააღრმავებს”.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები, აღნიშნავენ, რომ მეხუთე რეკომენდაციასთან, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება, რჩება გამოწვევები და ის ამ დროის მოცემულობით, მათი შეფასებით, არის „შესასრულებელი” რეკომენდაცია.

ორგანიზაციები დოკუმენტში, ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ გამოწვევაა, როდესაც:

„როგორც „ქართული ოცნება“ აცხადებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მხოლოდ კრიტიკული მედიისა და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს შეეხება, მაგრამ არ შეეხება ბიძინა ივანიშვილს;

ვენეციის კომისიამ კანონპროექტში მნიშვნელოვანი ხარვეზები დაინახა. კომისიის რეკომენდაციით, არსებულ კანონპროექტს, რომელიც პერსონალურ მიდგომას ეფუძნება, სისტემური ტიპის მიდგომა სჯობს, ხოლო პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი არ
უნდა იქნას მიღებული;

საჭიროა დეოლიგარქიზაციის პრობლემის სისტემური გზით მოგვარება.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ მომზადებული, რიგით მეოთხე დოკუმენტში შეფასებულია ქვეყნის ხელისუფლების მიერ 2023 წლის 30 აპრილიდან 15 ივნისამდე პერიოდში ამ  მიმართულებით მიღწეული პროგრესი და გამოწვევები.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სტატუსმეტრის წინა ანგარიშები ცხადჰყოფს, რომ მათი შეფასებები დიდწილად არის თანხვედრაში ევროკავშირის მიერ 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ შუალედურ შეფასებასთან.

„დაახლოებით ოთხი თვე რჩება იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ეს ისტორიული შესაძლებლობა გამოიყენოს და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანია”, – აღნიშნულია ორგანიზაციების განცხადებაში.