სტიგმისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო შშმ ქალებისთვის კვლავ გამოწვევაა | კვლევა

პუბლიკა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისმა ახალი კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა. კვლევა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების საკანონმდებლო ანალიზს ეხება, ასევე, კვლევაში სახელმწიფო პროგრამების მიმოხილვაა წარმოდგენილი და რეკომენდაციები, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან მიმართებაში.

„გუშინ, 3 დეკემბერს, მსოფლიომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს საქართველოში იმისათვის, რომ შშმ ქალებსა და გოგონებს ხელი მიუწვდებოდეთ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე, რათა მათი უფლებები იყოს დაცული და თითოეულმა მათგანმა სრულფასოვანი, ღირსეული ცხოვრებით იცხოვროს. ამისთვის ჩვენ ვთანამშრომლობთ როგორც სახელმწიფოსთან, ასევე არასამთავრობო სექტორსა და აქტივისტებთან, რადგან მივიჩნევთ, რომ სწორედ ერთობლივი ძალისხმევა მიგვიყვანს სასურველ, უფრო თანასწორ და ინკლუზიურ საზოგადოებამდე,“ – განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

კვლევაში გაანალიზდა და შეფასდა საკანონმდებლო ბაზა და პოლიტიკის დოკუმენტები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ უფლებებთან დაკავშირებით; შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები შშმ პირთა უფლებების კონვენციასა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში.

UNFPA-ში მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი, ერთი მხრივ, დაეხმარება საკანონმდებლო ორგანოს და აღმასრულებელ ხელისუფლებას საერთაშორისო სტანდარტებსა და ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს საკანონმდებლო ბაზა და პოლიტიკის დოკუმენტები და ასევე, მხარი დაუჭიროს მგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, რაც მყარ საფუძველს ჩაუყრის შესაბამისი მომსახურებების განვითარებას და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას საქართველოში, ხოლო მეორე მხრივ, ეს დოკუმენტი დაეხმარება არასამთავრობო სექტორს და თემის წარმომადგენლებს, ადვოკატირება გაუწიონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

კვლევაში ნათქვამია, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა, ისევე როგორც სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტები და პროგრამები ნაკლებად აღიარებს შშმ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებულ საჭიროებებსა და მოწყვლადობას.

„ამასთან, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ჯანდაცვის სერვისებსა და ინფორმაციაზე მისაწვდომობისა და გონივრული მისადაგების ვალდებულების შეუსრულებლობის საკითხი. შშმ ქალებსა და გოგონებს არ აქვთ სრულყოფილი შესაძლებლობა სხვებთან თანაბრად ისარგებლონ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ყველა შესაძლო სერვისითა და საშუალებით. ისინი, როგორც წესი, ვერ ახერხებენ საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას შესაბამისი სტანდარტებისა და ხარისხის დაცვით, რასაც ხელს უწყობს სამედიცინო პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია და დისკრიმინაციული მიდგომა შშმ ქალებისა და გოგონების მიმართ,“ – ნათქვამია კვლევაში.

კვლევის მიხედვით, კანონმდებლობა დეტალურ რევიზიას და ცვლილებებს საჭიროებს, რომ ის თანხვედრაში მოვიდეს CRPD-ისა და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან.

ანალიზმა გამოკვეთა, რომ საქართველოს ის ძირითადი კანონები, რომლებიც მოიცავს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ საკითხებს, არსებითი ხარვეზებით ხასიათდება.

„კერძოდ, კანონმდებლობაში გამოკვეთილ პრობლემათაგან ხაზგასასმელია, საკანონმდებლო ნორმებში დისკრიმინაციული ენის გამოყენება, რაც ხელს უწყობს შშმ პირთა მიმართ სტიგმის გაძლიერებას; საკანონმდებლო ნორმების შშმ პირთა დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხების არა საკმარისი რეგულირება და მათი ზოგად ჩარჩოში გაერთიანება. ასევე, საკანონმდებლო ნორმათა ნაწილი, რომელიც არეგულირებს გარკვეულ საკითხებს, რაც კავშირშია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, მაგრამ გამოტოვებს შშმ პირთა სპეციფიკურ საჭიროებებს ან არასაკმარის გარანტიებსა და ვალდებულებებს ითვალისწინებს“, –  ნათქვამია კვლევაში.

კვლევა განხორციელდა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით და მდგრადი განვითარების მიზნების ფონდის (SDG Fund) მხარდაჭერით, გაერთიანებული ერების ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქართველოში“ ფარგლებში.