სტიქიებით დაზარალებული ფერმერები სახელმწიფოსგან ახალ ნერგებს მიიღებენ - პრემიერი

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ფერმერებს, რომლებსაც სტიქიამ ნერგები გაუნადგურა, სახელმწიფო ახალ, ჯანსაღ ნერგებს გადასცემს. გიორგი გახარიას განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით დაეხმარება ფერმერებსა და მევენახეებს, არსებული ჯიშები უფრო ხარისხიანი ჯიშებით ჩაანაცვლოს.

„ივლისში ჩვენ რამდენიმე რეგიონში გვქონდა სტიქია. სეტყვის გამო, განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი და რაჭაც. მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა ჩვენს ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ფარავდა მიღებული მოსავლის დაკარგვის რისკს.

ვნახეთ, რომ  სეტყვის შედეგად ბევრ ფერმერს გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, რათა მან აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები.

რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად, რქაწითელი. იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.