სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლოა, 50 მლნ ლარამდე დასჭირდეს – გახარია

პუბლიკა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ზიანი ძალიან სერიოზულია.

„12 სოფელი იყო კავშირს მოწყვეტილი. დღეის მდგომარეობით, 4 სოფელთან დროებითი კავშირი აღდგენილია, თუმცა 8 სოფელი რჩება. ორშაბათამდე კიდევ 2 სოფელთან აღდგება კავშირი. დარჩენილ სოფლებზე, როგორიცაა: ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი, როგორც ჩანს, გზა იმდენად სერიოზულადა არის დაზიანებული, რომ ამ სოფლებთან სრულყოფილი კავშირის აღდგენას დასჭირდება მინიმუმ ერთი თვე”, – ამბობს გიორგი გახარია.

როგორც პრემიერი ამბობს, „ენერგო პრო“ გვპირდება, რომ ოპტიმისტური სცენარის, კარგი ამინდის პირობებში შესაძლებელი იქნება ერთ კვირაში ელექტრომომარაგების აღდგენა.

„ყველა ამ სოფელთან, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე, დღეიდან დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი. ყველა ადამიანს, რომელსაც ექნება სოფლიდან გამოყვანის საჭიროება, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყვანთ. ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება ყველა სახის საჭირო პროდუქტებით. ეს ოთხი სოფელი ერთი თვე იქნება მოწყვეტილი იმიტომ, რომ რეალურად, მაგისტრალურ გზაზე არის ძალიან სერიოზული ჩამონგრევები – სამი 250-მეტრიანი სექტორია დაახლოებით. 4 ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი თავიდან“, – ამბობს გახარია.

გახარია აღნიშნავს, რომ პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები, დამატებით საჭიროებს დაახლოებით 30 მლნ ლარს.

„საერთო ჯამში, აი, ამ სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია, რომ დაჭირდეს 50 მლნ ლარამდე“, – აღნიშნა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, რამდენიმე ადგილას რამდენიმე მოსახლე რისკის ზონაშია.

„მე რაც ვნახე ჩემი თვალით, ღებსა და პატარა ღებში… რომლებიც არიან რისკის ზონაში და იქ შეიძლება გასახლებებიც დაგვჭირდეს. ამიტომ, როგორც კი გზა გაიხსნება, შესაბამისი სამსახურები, გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში. შეისწავლიან როგორც ნიადაგებს, ასევე ღვარცოფულ ქანებს და მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აუცილებელი იქნება, რომ არც ერთი ჩვენი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს“, – განაცხადა პრემიერმა.


რაჭაში სტიქიამ ონის რაიონის 12 სოფელი დააზარალა. ძლიერმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარეებმა გარე სამყაროს მოსწყვიტა 2 000-მდე მოსახლე. დაზიანებულია ხიდები და გზები.