სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 50-მდე მოქალაქეს ეძებენ, რომელთაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან - ადმინისტრაცია

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, მერაბ გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაახლოებით 50 მოქალაქეზეა შეტყობინება ცხელ ხაზზე შესული, რომლებსაც ოჯახის წევრები ვერ უკავშირდებიან.

„ორი გარდაცვლილია ნაპოვნი. 70 ადამიანის გადმოყვანა მოხდა ვერტმფრენებით. 152 ადამიანი არის უსაფრთხო ადგილას გაყვანილი, ატანილია პირველადი მოხმარების საშუალებები, რომ დილამდე მოხდეს მათი იქ დაყოვნება და შემდეგ, დილით, გადმოვიყვანთ ქალაქში. 50-მდე ადამიანზე გვაქვს შეტყობინება, რომ ამ ეტაპზე ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრები. შტაბი მოქმედებს 24 საათის რეჟიმში, ამოქმედდა ცხელი ხაზი. ჩართულია ყველა სტრუქტურა. მიდის ყოველწამიერი მუშაობა. არ წყდება სამაშველო სამუშაოები. 70 მოქალაქიდან 16-მდე მოზარდია გადმოყვანილი. 152 ადამიანში ნახევარი არიან ბავშვები. ვისაც ეძებენ, მათ შორისაც არიან ბავშვები“, – განაცხადა გამყრელიძემ „პირველი არხის“ ცნობით.

შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა ევაკუაციის სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ამის შესახებ  „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. სამუშაოების დროებით შეჩერების მიზეზი დაღამება გახდა. მათივე ცნობით ცოცხალი ძალა მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

შსს-ს ცნობით, მაშველებმა სტიქიის ზონაში ორი ცხედარი იპოვეს.