სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია საქართველომ რეფორმების გაძლიერება გააგრძელოს

პუბლიკა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ალიანსისა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო NATO-სთვის ახლო პარტნიორია.

მან მიუთითა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ამ გზაზე ძალისხმევას, საბოლოო ჯამში, გავლენა ექნება ალიანსის სრულფასოვანი მოკავშირეობის მიმართულებით წინსვლაზეც.

„ეს მიმართულება გრძელდება უფრო ძლიერი, დემოკრატიული მიმართულებების უზრუნველსაყოფად, ინტეგრაციისთვის, მათ შორის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო გახდება NATO-ს ალიანსის წევრი სახელმწიფო. კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა გააძლიერებს კეთილდღეობის მისწრაფებებს და ამ მიმართულებით სულისკვეთებას ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ადგილობრივი რეფორმების გაძლიერება, დემოკრატიული ღირებულებები და სამართლის უზენაესობა, ამ ოქტომბერში თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კობახიძის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მისივე განცხადებით, აღინიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია.

ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო – ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

იენს სტოლტენბერგი საქართველოს აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ ეწვია. NATO-ს გენერალურ მდივანს დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.

19 მარტს კი სტოლტენბერგი სომხეთში გაემგზავრება.