სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს

პუბლიკა

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს. ეს განცხადება სტოლტენბერგმა სლოვაკეთის პრემიერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გააკეთა.

„NATO-ს პარტნიორები უკრაინას უპრეცედენტო დახმარებას უწევენ. ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო გავზარდეთ. მაგრამ უკრაინაში NATO-ს ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით გეგმა არ არსებობს”, – თქვა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა გამორიცხონ. თუმცა ის აქვე აღნიშნავს, რომ მსგავს ნაბიჯზე კონსენსუსი ამ ეტაპზე არ არსებობს.

მაკრონმა თქვა, რომ უკრაინის ფრონტის ხაზზე დასავლეთის ჯარებთან დაკავშირებით საკითხი ძალიან „თავისუფლად და პირდაპირ” განიხილეს – ის აღნიშნავს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ის გამოსადეგია”.

Politico-ს ცნობით, პირველად საკითხზე საჯაროდ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ NATO-სა და EU-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს. მის განცხადებას ჩეხეთის პრემიერი გამოეხმაურა და თქვა, რომ ჩეხეთი ნამდვილად არ გეგმავს სამხედროების გაგზავნას უკრაინაში და ამაზე „არავინ არ უნდა ინერვიულოს”.