StopCov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება

მინდია გაბაძე

საქართველოს მთავრობის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ოფიციალურ ვებგვერდს, „stopcov.ge-ს” ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე ფუნქციონირებს ვებგვერდის აზერბაიჯანული ვერსია, რომელიც უახლოესი დღეების განმავლობაში გაუმჯობესდება.

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საიტის სომხურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობების ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების პროცესში მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

„ყველა მითითება და რეკომენდაცია ითარგმნა. ჩაიწერა ვიდეომიმართვები ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, რომელიც გაშუქდა როგორც ადგილობრივი მედიასაშუალების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით“,- ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობის ინფორმაციით, რეგიონის მოსახლეობას ეთნიკური უმცირესობების ენებზე დაბეჭდილი საინფორმაციო მასალა სახლებში მიეწოდება.

„საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია მუდმივად ითარგმნება და თავსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე www.1tv.ge. დღეიდან ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება stopcov.ge-ს აზერბაიჯანულ ვერსიაშიც“, – აღნიშნულია განცხადებაში.