სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე შეწყდეს შიდაპარტიულ საკითხებზე, მათ შორის, არჩევნებზე საუბარი - მელია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილების მიღებამდე „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ უნდა განვითარდეს ისეთი პროცესები, რომელიც გააღრმავებს დაპირისპირებასა და გაუცხოებას.

პარტიაში ერთიანობის აუცილებლობაზე მელია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შეწყდეს ყოველგვარ შიდაპარტიულ საკითხზე, მათ შორის პარტიულ არჩევნებზე საუბარი, რადგან დაუშვებლად მიგვაჩნია შესაძლო შიდა დაპირისპირებებისა და თავდასხმების ახალი კერების გაჩენა როგორც მინიმუმ:

1. მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე;

2. იმ სამოქმედო გეგმის დასახვამდე და განხორციელებამდე, რაც შეიძლება თან ახლდეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას (მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება იგი) პარტიის მხრიდან.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვასკვნით: ამ უმთავრესი საკითხის მიღმა, მითუმეტეს ასეთ კრიტიკულ დროსა და ვითარებაში, ყველა შიდაპარტიული საკითხი და განსაკუთრებით მწვავე საარჩევნო კამპანიები არის სავსებით არაპირველხარისხოვანი და უფრო მეტიც, შესაძლოა იყოს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის“, – წერს მელია.

17-20 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეების არჩევნები გაიმართება.

პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 4 მაისს, ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ „ოლიგარქიულ, კლანურ მმართველობასა და პრეზიდენტ სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია პარტიის სტრუქტურული გაძლიერება“. მისი თქმით, არჩევნები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დასრულდეს.

ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებს შორის აზრთა სხვადასხვაობის ერთ-ერთი საგანი სწორედ არჩევნები იყო. მელიას გუნდის პოზიციით, შიდაპარტიული არჩევნები უდროო დროს ტარდება, ხაბეიშვილის მხარდამჭერების აზრით კი, სააკაშვილის პრობლემის მოგვარებას სწორედ სტრუქტურული გაძლიერება შეუწყობს ხელს.