სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებად ცნო საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი სახელმწიფოთაშორის დავაზე რუსეთის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო. საქმის „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ განხილვის გადაწყვეტილებას სასამართლომ ერთხმად დაუჭირა მხარი.

საქართველოს საჩივარი ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ადამიანის უფლებათა შელახვის სავარაუდო ფაქტებს და საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს რუსეთის მხრიდან.

საჩივარი საქართველოს მთავარობამ მოამზადა და სასამართლოში 2018 წლის 22 აგვისტოს შეიტანა. ეს უკვე მეოთხე საჩივარია, რომელიც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა.


2018 წელს, საჩივრის შეტანის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ის სარჩელის დეტალებზე წერდა.

სამინისტროს მიერ მაშინ გავრცელებული განცხადებით, განგრძობადი ოკუპაციით, მავთულხლართების გაბმითა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ წარმოებული მიზანმიმართული კამპანიით რუსეთის მიერ ირღვევა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-13 (სამართლებრივი ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები, პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).

„საქართველომ სტრასბურგის სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები და საჩივარში მკაფიოდ დააყენა რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უფლებების დარღვევების ადმინისტრაციული პრაქტიკისთვის. სხვებს შორის, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებს“,  – აცხადებდა იუსტიციის სამინისტრო 2018 წელს.


არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს.

გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ მოკლეს. არსებობს მისი მკვლელობის კადრებიც, რომელშიც ჩანს, როგორ გაეკიდა მას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი და რამდენჯერმე ესროლა.

დავით ბაშარული 2014 წელს დაიკარგა მას შემდეგ, რაც ოკუპირებული ახალგორის მილიციის თანამშრომლებმა განყოფილების შენობაში წაიყვანეს. ბაშარულის ცხედარი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს.