სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის საქმეზე სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა დაადგინა

პუბლიკა

დღეს, 3 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა, შესაბამისად, დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების დარღვევა.

სასამართლო ერთხმად ადგენს, რომ:

  • არ დარღვეულა კონვენციის მე-6 მუხლის [საქმის სამართლიანი განხილვის უფლება] 1-ლი პუნქტი იმ ნაწილში, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულებები განმცხადებლის წინააღმდეგ;
  •  დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი სასამართლო პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
  • დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი [უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა];
  • დარღვევის დადგენა უკვე თავისთავად წარმოადგენს საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას მომჩივანისთვის მიყენებული ნებისმიერი მორალური ზიანის სანაცვლოდ.
  • მოპასუხე სახელმწიფომ მომჩივანს  გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9 418 ლარი, ასევე ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება მომჩივანმა გაიღოს ხარჯების სახით.
  • დარჩენილ ნაწილში უარყოფს განმცხადებლის მოთხოვნას სამართლიანი დაკმაყოფილების შესახებ.

მომჩივანი კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი და მეორე პუნქტების დარღვევის შესახებ დავობდა.

„ბევრი რომ არ გავაგრძელო საუკუნის პროცესი – ციანიდის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოვიგე. სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. სამიდან ორი საკითხი დამიკმაყოფილა. პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა და შესაბამისად დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (6.1. და 6.2) დარღვევა“, – ასე აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას მამალაძის ადვოკატი, დავით ჯანდიერი.


2020 წლის 17 მარტს, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა. დეკანოზ გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” მოითხოვა.

დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. ორგანიზაციის ცნობით,  მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მას შეწყალების თხოვნით საპატრიარქომ სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წელს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო.

LB loan image desktop LB loan image mobile