სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დააკისრა

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-2 მუხლი – სიცოცხლის უფლება საქმეზე -„საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ”.

საქართველოს მოსარჩელისათვის არამატერიალური ზიანის გამო, 25 000 ევროს გადახდა  დაეკისრა.

ორგანიზაციის ცნობით, ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, დაზარალებულმა მარიამ საყვარელიძემ სტრასბურგის სასამართლოს 2010 წელს მიმართა. დაზარალებულის მთავარი მოთხოვნა  ეხებოდა სახელმწიფოს მიერ 2003 წლის 22 ნოემბერს უშიშროების სამინისტროს ჯავშანტრანსპორტიორისა და „ბმვ“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი დავით საყვარელიძისა და ეთერ წულიაშვილის საქმის გამოძიებას.

„2003 წლის 22 ნოემბერს, ქ. რუსთავიდან ქ. თბილისის მიმართულებით მოძრაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის სწრაფი რეაგირების სამმართველოს „დ” დანაყოფის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – ე. წ. ბეტეერი #004, რომელსაც მართავდა აღნიშნული დანაყოფის ჯავშანტექნიკის ჯგუფის მძღოლ-მექანიკოსი ავთანდილ მამალაძე. დაახლოებით 18 საათსა და 25 წუთზე, გორგასლის ქუჩაზე ჯავშანტრანსპორტიორი საწინააღმდეგო მხრიდან მოძრავ, დავით საყვარელიძის მართვის ქვეშ მყოფ „ბმვ“-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანას შეეჯახა.

ავტომანქანაში მჯდომი ეთერ წულიაშვილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. დავით საყვარელიძე კი მოთავსდა ქ. თბილისის # 1 კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა 2003 წლის 24 ნოემბერს. მანქანაში მყოფმა ბავშვებმა – სოფო წულიაშვილმა და ბადრი წულიაშვილმა კი მიიღეს სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.

მიუხედავად საქმეზე წარმოებული წინასწარი გამოძიების პროცესში დაშვებული დარღვევებისა და კანონის მოთხოვნათა უგულველყოფის, დაზარალებულ მარიამ საყვარელიძეს  მთელი 9 წლის განმავლობაში არ შეუწყვეტია ბრძოლა, რათა საქმეზე დადგენილიყო ჭეშმარიტება. შიდაეროვნულ ინსტანციებში დავის ყველანაირი შესაძლებლობის ამოწურვის შემდეგ, საყვარელიძემ ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევდა, რომ საქმეზე გამოკვეთილი იყო და ცნობილი იყო სავარაუდო დამნაშავე პირები და საქმის გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდებოდა. ორგანიზაციამ, ათი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე მოითხოვა დამნაშავეთა გამოვლენა და დასჯა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის პერიოდში სამართალდამცველი უწყებები ამ საქმის გახსნით დაინტერესებულნი არ იყვნენ, რათა არ შებღალულიყო 2003 წლის ნოემბრის „უსისხლო რევოლუციის“ სახელი.

10 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვეულად მიიჩნია კონვენციის მე-2 მუხლი – სიცოცხლის უფლება (პროცედურული ნაწილი), საქმეზე  -„საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ” და სახელმწიფოს მოსარჩელის სასარგებლოდ 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.