სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააკაშვილს მკურნალობის სხვაგან გაგრძელებაზე უარი ეთქვა - ბრეგაძე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, დღეს გამოქვეყნდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმეში დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. ბრეგაძის თქმით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების მოთხოვნა და სახელმწიფოს სააკაშვილის სხვა ქვეყანაში ან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა არ დაავალა.

„დღეს გამქოვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მსჯარვდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში – „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება მისი შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტის შესაბამისი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.


მიხეილ სააკაშვილის საქმე ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნეს.

სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, საჩივარში საუბარია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცული პუნქტების დარღვევაზე. სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენებაც სთხოვეს.