რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა. სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულ რჩევებს „ინსტრუქციებად“ ასაღებენ და ამ კონტექსტში უტიფრად საბჭოთა წარსულს ახსენებენ, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას.
„რუსული ოცნების ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი საქმიანობის რამდენიმე ასპექტს: არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების, კერძოდ, ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნის შესრულებას – რეალურ სასამართლო რეფორმას; ღიად და დაუფარავად აცხადებენ, რომ არ დათმობენ სასამართლო სისტემას; კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც არ ემორჩილება რუსულ ოცნებას და კლანს; განაგრძობენ თავდასხმას აშშ-სა და ჩვენს მეგობრებზე, ამჯერად ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ილვესზე, რომელიც სხვა ევროპელ პრეზიდენტებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში. განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსული ოცნების მმართველობის პიროებებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, წევრობაზე ხომ ოცნებაც არ ღირს“, – აცხადება მელია.
„ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული“, – აღნიშნულია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის – „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
წერილში ისინი წერენ, რომ დოკუმენტში სიტყვა „უნდა“ 60-ჯერაა გამოყენებული, ხოლო „რეკომენდაცია“ – 9-ჯერ, რაც, მათი აზრით, უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას წარმოაჩენს.